შესაძლოა, მარტამდე ევროპაში კოვიდით კიდევ 700 ათასი ადამიანი გარდაიცვალოს - WHO-ის გაფრთხილება

პუბლიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ ევროპასა და აზიის ქვეყნების ნაწილში შესაძლოა, მარტამდე კორონავირუსით კიდევ 700 ათასი ადამიანი გარდაიცვალოს.

53 ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 1,5 მილიონს გადააჭარბა. ჯანმო იტყობინება, რომ 2022 წლის მარტამდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოსალოდნელია „მაღალი ან უკიდურესად მაღალი დატვირთვა“.

ცნობისთვის, ჯანმო ევროპის რეგიონში საქართველოსაც მოიაზრებს.

ევროპაში ინფიცირების შემთხვევები უეცრად გაიზარდა, ავსტრიამ სრული ლოქდაუნი გამოაცხადა, სხვა ქვეყნები კი ახალი შეზღუდვების მიღებაზე ფიქრობენ.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ და საბერძნეთმა, შესაძლოა, მოთხოვნა დააწესონ ვაქცინის ბუსტერ დოზაზე, და მხოლოდ ბუსტერით აცრილი მოქალაქე აღიარონ სრულად ვაქცინირებულად.

ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ჰოლანდიაში მოქალაქეები ნაწილობრივ ლოქდაუნს რამდენიმე დღის განმავლობაში აპტოტესტებდნენ.

ჯანმოს შეფასებით, ევროპის რეგიონში გარდაცვალების მთავარი გამომწვევი კორონავირუსია.

„მიმდინარე ტენდენციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ჯამური გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მომდევნო წლის გაზაფხულისთვის 2,2 მილიონამდე გაიზრდება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ჯანმოს ცნობით, კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები ბოლო დროს გაორმაგდა და დღეში დაახლოებით 4 200-ია. მხოლოდ რუსეთში გარდაცვალების დღიურმა რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა.

ჯანმო აღნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით აუცრელი ადამიანები და ვირუსის დელტა ვარიანტის პრევალენტობა ზოგიერთ ქვეყანაში საკვანძო ფაქტორი იყო, როდესაც საქმე ეხებოდა გავრცელების გაზრდილ მაჩვენებელს ევროპის რეგიონში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლიუგე აუცრელ მოქალაქეებს აცრისაკენ მოუწოდა.

„ყოველ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, რომ თავიდან ავირიდოთ ტრაგედია და დანაკარგი, მიმდინარე ზამთრის სეზონზე შევამციროთ ზარალი, რომელიც საზოგადოებასა და ბიზნესს უნდა მიადგეს“, – განაცხადა მან.