შეთანხმდებიან თუ არა მხარეები საარჩევნო რეფორმაზე | რა პოზიცია აქვთ პარტიებს

პუბლიკა

დღეს, 17 მაისს, 17:00-ზე საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

კანონმდებლები უნდა შეთანხმდნენ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტზე, რომელსაც, როგორც ცნობილია, კენჭისყრამდე ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან შესაფასებლად.

საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხია. შესაბამისად, შეთანხმების ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ცდილობენ, კანონპროექტი შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის მედიაციით შედგენილ დოკუმენტთან და ასევე ის უნდა იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული.

კანონპროექტზე შეჯერებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯერ ისევ არის „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებელი საკითხები, ასევე თითოეულ პარტიაში შესათანხმებელ საკითხებს შორის სხვადასხვა პუნქტს ანიჭებენ პრიორიტეტს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეუთანხმებელია, არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის საკითხი.

შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ ცესკო უნდა დაკომპლექტდეს 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრისგან, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

„ქართული ოცნების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ მოადგილედ პარტიული პირის დანიშვნა „სისტემაში სამართლებრივად არ ჯდება“, რადგან ის ვერ იქნება ნეიტრალური.

„გირჩს“ აქვს ინიციატივა, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩიონ ლოტოტრონის წესით.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, საარჩევნო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ცესკოს მიერ დანიშნული არაპარტიული პირი უნდა იყოს, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში ამ მოვალეობას ასრულებდეს პარტიული ნიშნით დანიშნული მოადგილე.

„რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებული შეკითხვებია.

„მოადგილესთან დაკავშირებით მკაფიო ჩანაწერია, რომ მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, ამიტომ აქ საკამათო არაფერია. შევთანხმდით, რომ  აუცილებლად ასე იქნება. შემოთავაზებულია ვერსია, რომ იყოს კიდევ ერთი პროფესიული ნიშნით შერჩეული მოადგილე, ისეთივე მაღალი ლეგიტიმაციით, როგორიც აქვს ცესკო-ს თავმჯდომარეს. აქ ვერ ვხედავ რაიმე ტიპის უთანხმოება. იმედი მაქვს, დღეს საბოლოოდ შევთანხმდებით“, – განაცხადა სამნიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ცხადებს, რომ რეფორმის მთავარი მიზანია, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ცესკოს შემადგენლობა, რის გარეშეც კონკრეტული სახელისა და გვარების ცვლილებას (გულისხმობს თამარ ჟვანიას) აზრი არ ექნება.

„თუ თამარ ჟვანიას არ ექნება თავისი უმრავლესობა, მას ექნება თავისი ერთი ხმა, მარტივად რომ ვთქვათ. აქ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ჟვანია რომც შეიცვალოს, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენელი იქნება და აქ რამე ისეთი ცვლილება არ იქნება. სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის მექანიზმი“, – განაცხადა მან.

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დოკუმენტის მიზანია ამომრჩეველში ნდობის მოპოვება. მისივე თქმით, ნებისმიერ ცვლილებას ამ კრიტერიუმით შეაფასებს.

„ჩვენთვის პრინციპულია, უბნიდან დაწყებული ცესკომდე დამთავრებული როგორ მოხდება განსაკუთრებით პროფესიული წარმომადგენლების არჩევა“, – განაცხადა მან.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ასევე საუბარია, ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავდეს ერთზე მეტი მოადგილე, მათ შორის, ოპოზიციური და პროფესიული ნიშნით შერჩეული.

კიდევ ერთი საკითხი, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, „ევროპელი სოციალისტების“ მოთხოვნაა, ჰყავდეთ წევრი საარჩევნო კომისიაში.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ჩაანაცვლებს. როგორც ჟურნალისტებს სამნიძემ განუცხადა, სამუშაო ჯგუფის ბოლო სხდომაზე წინადადება წამოაყენეს, რომ კანონმდებლობაში იყოს ჩანაწერი, „ევროპელ სოციალისტებს“ ჰყავდეთ წევრი, რაც, მისივე შეფასებით, უსამართლოა.

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა რაოდენობა ვერ გაიზრდება, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტით 17 წევრზე ვართ შეთანხმებულნი და ამიტომ, გაზრდაზე საუბარი არასერიოზულია. უთანხმოებას გამოიწვევს. „ევროპელი სოციალისტებისთვის“ ადმინისტრაციაში წევრი გულისხმობს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წევრი აღარ ეყოლება. ამ ჩანაწერის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და მხარს არ დავუჭერ“, – განაცხადა სამნიძემ.

როგორც „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობას როგორც პარლამენტის წევრის მანდატი, ასევე დაფინანსება განსაზღვრავს, დაფინანსება კი „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს.

შესაძლოა, პარტიების დაფინანსების საკითხი კიდევ ერთი ცვლილების ინიცირების საფუძველი გახდეს.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ მხარეებს შორის დაახლოებული და შეჯერებულია პოზიციები და არ დარჩა პრინციპული საკითხები, რომლებიც ხელს შეუშლის შეთანხმებას.

სოზარ სუბარს შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი არ მოსწონს.

„განსაკუთრებით, როდესაც შეეხება თვითმმართველობაში მაჟორიტარული ნაწილის შეთანხმებას“, – ამბობს ის და დასძენს, რომ, სხვა მხრივ, ეს კოდექსი არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს გურამ მაჭარაშვილსაც.

„დიდი ნაწილი ოპოზიციისა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საარჩევნო რეფორმის ძირითადი პრინციპები მიიღონ და თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს კიდევ უფრო მეტი მაღალი დემოკრატიული ნიშნულით“, – აცხადებს ის.

5 საათზე ჩანიშნული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდება, რაზე შეჯერდნენ პოლიტიკური ოპონენტები. კანონპროექტის ფორმირების შემდეგ ის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა პარლამენტმა „მოქალაქეებთან“ ერთად დაიწყო, მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებას მიაღწია და პარლამენტში შევიდა. ცვლილებების პროექტი პარლამენტს 2 მარტს წარედგინა და მის საბოლოო მიღებამდე სამუშაო ჯგუფს 2-თვიანი პერიოდი მიეცა ცვლილებების დასახვეწად.


რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში საარჩევნო რეფორმაზე

  • მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.
  • პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან.
  • პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:
  • ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3- ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი
  • საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.
  • საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.
  • ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან / და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება:
  1. . პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3- დასჭირდება. მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
  2. . ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.
  3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზე ნაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.
  • უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.
  • ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესისთვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად. შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა
  • ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.

ვადები:

  1. საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ.
  2. შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად
  3. ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.