„შეწყვიტეთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია“ | სააკაშვილი მოშიმშილე პატიმრებს მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილით მიმართავს იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც მისდამი სოლიდარობის ნიშნად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა.

წერილის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მოშიმშილე პატიმრებს: ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძესა და რომან შამათავას, შეწყვიტონ შიმშილობა.

„გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემი სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე,რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომა შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა ჟურნალისტებთან.

​რუსთავის მე-12 საპატიმროში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა, ასევე, გიორგი ცააძე და კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა შიმშილობს.

ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს  სასამართლომ 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა 2015 წელს, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე. მათ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. 12 წელი აქვს მისჯილი რომან შავათავასაც, 2008 წელს დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმეზე.