შრომის უსაფრთხოების მხრივ კვლავ მძიმე მდგომარეობაა – სახალხო დამცველი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს 2019 წლის მოკლე მიმოხილვა გაავრცელა.

ნინო ლომჯარიას თქმით,  ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ კვლავ მძიმე მდგომარეობაა და საჭიროა, სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად.

„მხოლოდ წლის პირველ ნახევარში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 71 და დაიღუპა  25 ადამიანი. გასულ წელთან შედარებით, კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები აღნიშნული პრობლემის მაქსიმალურად სწრაფად მოგვარების მიზნით“, – ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი დადებითად აფასებს 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ყველა სექტორზე გავრცელებას და შრომის ინსპექტორებისთვის სამუშაო ადგილზე დაშვების შესაძლებლობას.

„ამ ეტაპზე შრომის ინსპექტორებს არ აქვთ შრომის კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობისა და გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების უფლებამოსილება.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულია კანონმდებლობაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამუშაო ფორმატით განიხილება სოციალურ პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროეტის დროული დამუშავება ყველა რისკების გათვალისწინებით, რომ შედეგად მაქსიმალურად მოხდეს დასაქმებულთა უფლებების ხელყოფისგან დაცვის უზრუნველყოფა და ამავდროულად, არ შეიქმნას ცვლილებების საფუძველზე გათვალისწინებული მოთხოვნებს პრაქტიკაში აღსრულების პრობლემა“, – განაცხადა ომბუდსმენმა.