ომბუდსმენი: ხელისუფლება ჰომოფობიურ ჯგუფებს არ განიხილავდა, როგორც მოძალადეებს

პუბლიკა

„არაერთი ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები“, – სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ დაგეგმილ შეკრებებზე ისაუბრა.

ომბუდსმენის თქმით, არაერთ შემთხვევაში ადგილი ქონდა სხვადასხვა ძალადობრივი დაჯგუფებების და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ შეკრების უფლების საფარქვეშ დაორგანიზებულ მსვლელობებს და აქციებს, რომლებიც უმცირესობათა უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული და ცალკეულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებებიც ახლდა თან.

„ამ კუთხით, საყურადღებოა ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტები. ამ შემთხვევებში არაერთ ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს”, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2019 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ შეკრების უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. წლის განმავლობაში არაერთი შეკრების, მანიფესტაციის, საპროტესტო აქციის, კონტრაქციისა თუ პიკეტირების შემსწრენი გავხდით.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა.

„20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა რომ აქციის ძალის გამოყენებით შეწყვეტამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა რიგ შემთხვევებში სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

მისივე თქმით, 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციები ასევე დაშალეს ძალის გამოყენებით. „მართალია, მოცემულ შემთხვევაში წინა შემთხვევისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით. ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი პანკისის ხეობაში მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ასევე არ ყოფილა გამოყენებული ყველა რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის”.

ომბუდსმენის თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენცია და გამოვლენა. 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ვიტალი საფაროვის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე იმსჯელა სიძულვილის მოტივის ინდიკატორებსა და სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მნიშვნელობაზე, დანაშაულის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის.