საქართველოს მთავრობა ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს.
„უმნიშვნელოვანესია თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვა. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!“ – წერია განცხადებაში.
მთავრობის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შსს ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოფს თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრ კონტროლს.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით მიადგეს.“ – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო, მთავრობა მოკლებულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას, რაც ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მთავრობა ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის საჭირო დიაგნოსტირების თუ მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.“
განცხადების თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეები ენდონ მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – StopCoV.ge .