კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე გადადის - გახარია

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა.

გახარიამ ყურადღება გაამახვილა, რომ აუცილებელია მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების დაცვა, მათ შორისაა: თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, რის გამოც სწავლა და სავალდებულო სამხედრო გაწვევა გადავადდა; ჰიგიენის ნორმების დაცვა, თვითიზოლაცია, საჭიროების შემთხვევაში. პრემიერ-მინისტრმა გასცა რეკომენდაცია, რომ ყველა უწყება, შესაძლებლობის მიხედვით, გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე, ხოლო თუ თანამშრომელს თვითიზოლაცია დასჭირდება, მისი თქმით, ეს არ აისახება მის ანაზღაურებაზე.

გიორგი გახარიას თქმით, საკოორდინაციო საბჭო პანდემიის დროს აუცილებელი სახელმძღვანელო წესებით მუშაობს და ქვეყანა, შეძლებისდაგვარად, უმკლავდება გამოწვევებს. მან ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებული აუცილებელია, მოხუცებსა და ბავშვებზე ზრუნვა. გიორგი გახარიას ბრძანებით, მთავრობა 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე გადადის.

მკაცრდება საზღვარზე შემოსვლის პირობები. შეზღუდვებს ჩინეთზე, ირანზე, სამხრეთ კორეასა და იტალიაზე ემატება: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბრუნდება ამ ქვეყნებიდან, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს. ხოლო ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვარზე წარადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა ან ისიც გაივლის საკარანტინო რეჟიმს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დაავალა, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ გეგმა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ ზიანს ააცილებს ქვეყნის ეკონომიკას.