თუკი ადამიანს თავად არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, მაშინ სახელმწიფოს ენაზე მოვთხოვოთ პასუხი – წულუკიანი

პუბლიკა

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭო მუშაობის პერიოდში წააწყდა ცალკეული პირებისგან თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევებს, ამიტომ გიორგი გახარიამ შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მიუთითა, რომ ამ ადამიანებზე გამკაცრდეს კონტროლი.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თუ ადამიანებს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა, მაშინ მათზე კონტროლი სახელმწიფო დონეზე უნდა გამკაცრდეს.

„თვითიზოლაციაში მყოფი არაერთი პირი, რამდენადაც ჩვენი უწყებებისთვის გახდა ცნობილი, არის უკმაყოფილო. ეს ერთია, მაგრამ მაინც იცავს რეჟიმს და მადლობა მათ. მაგრამ არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმს არღვევს და დღეს სწორედ თქვენ მოისმინეთ, ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითება შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროსადმი, რომ ამ ადამიანებზე გამკაცრდეს კონტროლი და  ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ, თუკი ადამიანს თავად არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, მაშინ ასეთ ადამიანებს სახელმწიფოს ენაზე მოვთხოვოთ პასუხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყება მუშაობს იმისთვის, რომ გამოიკვეთოს საქმიანობები, რომლის შესრულებაც სახლიდანაა შესაძლებელი. „თითოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ან სხვა ქალაქში ყოფნას, ვიდრე ეს არის მისი სამუშაო ადგილის დასახლებული პუნქტი“, – განაცხადა წულუკიანმა.