აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის წესით დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე საბა სხვიტარიძის ძმას, თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
თორნიკე სხვიტარიძესთან ერთად ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის მიმართ. ქავთარაძე სამართალდამრღვევად ცნეს და 5000 ლარით დააჯარიმეს.
შსს-ს ანი ქავთარაძის მიმართ ჯარიმის, ხოლო თორნიკე სხვიტარიძის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა ჰქონდა.
ადვოკატები საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას ითხოვდნენ.
შსს-ს მტკიცებით, 17 აპრილს, საბა სხვიტარიძის პროცესის შემდეგ ქავთარაძემ და სხვიტარიძემ პოლიციელ მირიან ქავთარაძეს შეურაცხყოფა მიაყენეს, უწოდეს „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“.
ადვოკატებს მირიან ქავთარაძის მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა ჰქონდათ დაყენებული, რაც მოსამართლე ნინო ენუქიძემ არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო.
საქმეში მტკიცებულებად იდო მირიან ქავთარაძის პატაკი, 4 პოლიციელის ჩვენება და რამდენიმე ვიდეოჩანაწერი.