სოფელი ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ სახლთან თავს დაესხნენ

პუბლიკა

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის შექმნილი facebook-გვერდის ცნობით, მათ თანამებრძოლს, ადგილობრივ ნიკო გაფრინდაშვილს 22 ივნისს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა აქვს.

სოფლის მცხოვრებლები მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი ეფექტურ გამოძიებასა და მოძალადეებისა და დამკვეთების დასჯას მოითხოვენ.

„მას შემდეგ, რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია „ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს, სადარბაზოში დახვდნენ ე.წ ტიტუშკები, სამი ადამიანი, ხელკეტებით შეიარაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს  (ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული) და შემდგომ გაიქცნენ ადგილისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ, მათ წინასწარ დაგეგმეს ეს. რთული გამოსაცნობი არაა, ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა.

სასწრაფოდ ვითხოვთ გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები და რაც მთავარია მათი დამკვეთები. ამის იმედი ჩვენ არ გაქვს, მაგრამ არაფერია დამალული, რომ არ გაცხადდეს და ყველას მოეთხოვება პასუხი ქვეყანაში შექმნილი ამ ძალადობის წახალისებისთვის, ყველა აგებს პასუხს ადრე თუ გვიან!

ვერ გაგვაჩუმებთ, 30 ივნისს 12 საათზე გელოდებით ყველას ზოდის საბჭოსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ „ჯორჯიან მანგანეზის” ცენტრალურ ოფისთან, რადგან დღეს „ჯორჯიან მანგანეზსა” და ჩინოვნიკებს შორის ტოლობის ნიშანია!”, – წერია სოფელ ზოდის განცხადებაში.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყო თუ არა გამოძიება უწყებამ. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.


მოსახლეობა სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და  გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.

მათი თქმით, სოფელ ზოდში წარმოებული მოპოვებითი სამუშაოების გამო ნაპრალები გაუჩნდა მიწას, დაჩქარდა ისედაც მიმდინარე მეწყრული პროცესები და, რიგ შემთხვევებში დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო, მათ შორის: გზა, საცხოვრებელი სახლები და ა.შ. გარდა ამისა, მოპოვების ადგილები მიტოვებულია და საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე პირუტყვსა და ბუნებრივ გარემოს – სხვა სოფლებში იყო ადამიანების დაღუპვის შემთხვევებიც.