ხიდაშელი სუბარს: ასეთი ვისი რა ვალი გაქვს, რომ სიმონიანის ქართულ კარიკატურად იქეცი?

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც 2000-2004 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, აშშ-ის მიერ საქართველოს დაფინანსებასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დროა, ამერიკული დახმარების მიმღებმა ორგანიზაციებმა დაიწყონ იმაზე საუბარი, თუ რას მოხმარდა წლების განმავლობაში გაღებული დახმარება.

„სად დაიხარჯა ამერიკული ფულიო სერიოზული სახეებით რომ კითხულობენ და შემდეგ საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობაში „ამხელენ“.

ვფიქრობ დროა, არა მათთვის, არამედ ყოველი ჩვენგანისთვის ამ დახმარების მიმღებმა და ადრესატებმა მასობრივად უნდა მოვუყვეთ ქვეყანას რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა სწორედ ამერიკულმა დახმარებამ, რამდენ სიკეთეზე წვდომა გახადა შესაძლებელი, როგორ შეცვალა საუკეთესოდ ათასობით ადამიანის ყოველდღიურობა“, – წერს ხიდაშელი.

მისი თქმით, ამერიკული დახმარება მოხმარდა საზღვარგარეთ სწავლის პროგრამებს; სამხედროების სწავლებას, წვრთნებს და აღჭურვას; პოლიციას; C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და ა.შ.

თინა ხიდაშელი ვრცლად საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი საიას დაფინანსებაზე.

„ასოციაცია 1994 წელს დაფუძნდა. ხომ გახსოვთ ეს რა პერიოდია. ქუჩაში სახელმწიფოს მიერ ხელდასმული თოფიანი კაცები დარბიან, ქვეყანა შუქისა და სითბოს გარეშეა, ადამიანები მასობრივად სამსახურებს კარგავენ და უსამართლობა ზეიმობს, ლუკმა-პური ჭირს. სწორედ ამ დროს შეიქმნა ორგანიზაცია რომელიც:

– სრულიად პირდაპირ მნიშვნელობით ათიათასობით ადამიანს ეხმარებოდა მხედრიონულ-კომუნისტური ნარჩენების მიერ შექმნილი დრაკონული სისტემის გარღვევაში

– იცავდა ციხეში, პოლიციის ჯურღმულებში, ჰაუბახტებში;

– სწორედ ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით შექმნილ პირველ იურიდიულ ბიბლიოთეკაში, სადაც იმ დროს რომ ვერც კი იოცნებებდი ისეთი იურიდიული ლიტერატურა ჩნდებოდა რამის ყოველკვირეულად, ემახურებოდა სწავლას მოწადინებულ ახალგაზრდებს;

– მასპინძლობდა ათეულობით სემინარს და შეხვედრას იმავე ახალგაზრდებისთვის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების მონაწილეობით;

– ჩვენი სატელეფონო კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა (ღამის მორიგეობაც გვქონდა) რომ პოლიციის მიერ გაუბედურებული მორიგი ახალგაზრდის დედის ზარს, რომელიც დახმარებას და შველას ითხოვდა, პასუხის გამცემი, დამაკვალიანებელი და გვერდში მდგომი მებრძოლი ყოლოდა;

– თავად ორგანიზაცია შემოსავლის გარეშე დარჩენილი ასობით ოჯახისთვის გადარჩენის ერთდერთი წყარო იყო, სხვადასხვა დროს ჩვენს მიერ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 100 იურისტს აჭარბებდა საქართველოს 7 ქალაქში; ხშირად, განსაკუთრებით ორგანიზაციის დაარსების პირველი ათი წლის მანძილზე სწორედ ჩვენს მიერ მოპოვებული გრანტით დაფინანსებულ პროექტებში დასაქმებული ადამიანების შემოსავალი ერთდერთი იყო არა მხოლოდ მხოლოდ მათთვის არამედ მათ დიდი ოჯახებისთვის;

– იყო წლები, როდესაც ასოციაცია ერთადერთი ადგილი იყო სადაც იმედის და მომავლის რწმენის შესანარჩუნებლად/დასაბრუნებლად მოდიოდნენ ახალგაზრდები. საუნივერსიტეტო კორუფციას გამოქცეულნი სწორედ აქ ეძებდნენ სინათლეს და პოულობდნენ თავისიანებს სირთულეებთან გასამკლავებლად.

მე მესმის, რომ ადამიანებისთვის ვისაც სხვისთვის არასოდეს არაფერი უკეთებიათ, ვინც საკუთარი ცხვირის მიღმა არასოდეს გაუხედავს, ვისი საქმიანობის ისტორიაც პარლამენტის წევრობით იწყება რთული გასაგებია

– რატომ შეიძლება 7 თვის ორსული ქალი პოლიციის ჯურღმულში დამწყვდეული, ნაწამები ახალგაზრდის გამოხნას მისი და მისი ჯერ არდაბარებული შვილის სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდეს, ან

– რატომ შეიძლება 20-22 წლის ახალგაზრდა გოგონები საარჩევნო უბნებზე იარაღის მუქარის ქვეშ ოქმებს იცავდნენ, ან

– ოციოდე წლის ახალგაზრდა კაცი მხედრიონულ-კრიმინალურ სამხედრო დაჯგუფებას მარტო უპირისპირდებოდეს ჰაუბახტიდან ნაწამები თანამოქალაქის გამოხსნის ჟინით შეპყრობილი…

გასაგებია, რომ უმრავსელობას უბრალოდ არ გესმით იმ საქმის მნიშვნელობა რომელსაც ჩვენ ვემსახურებოდით და დღესაც დარწმუნებული ვარ ემსახურებიან საიაში, მაგრამ სოზარ სუბარო, ასეთი ვისი და რა ვალი გაქვს რომ საკუთარ წარსულზე უარს ამბობ, ემიჯნები და სიმონიანის ქართულ კარიკატურად იქეცი?“, – წერს ხიდაშელი.


„ხალხის ძალამ“ 10 ოქტომბერს მორიგი ანტიამერიკული განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეკითხვები ამერიკის მიერ საქართველოზე დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით დასვა.