სპეკულაციებს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ნიადაგი გამოეცალა - სარჯველაძე

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიადაგი გამოეცალა სპეკულაციებს, თითქოს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე პოლიტიზებული იყო, რადგან სადავო არ გამხდარა დანაშაულის ფაქტი.

„მე რამდენადაც მოვისმინე, კვალიფიკაციის საკითხი დადგა, რომელიც განსხვავებულად შეაფასა სასამართლომ. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ფაქტის დადასტურების პრობლემა ამ თვალსაზრისით არ ყოფილა, ანუ ფაქტის, რომელიც ჩაითვალა, რომ არის დანაშაულებრივი, დადასტურების პრობლემა არ ჰქონია სასამართლო განხილვების დროს.

რაც შეეხება შეფასებას სამართლებრივს – რა ჰქვია ამ დანაშაულს, თაღლითობა თუ ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, ამასთან დაკავშირებით აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულება და სასამართლომ თქვა, რომ ამას ჰქვია არა ამ კატეგორიის დანაშაული, არამედ სხვა კატეგორიის, ოღონდ, დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო – მე ასე გავიგე, ყოველ შემთხვევაში.

შინაარსობრივადაც, ვფიქრობ, განხილვის პროცესში აშკარად ჩანდა, რომ თვითონ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ დანაშაულს ადგილი ჰქონდა, როგორც ეს სასამართლომ შეაფასა, ამას პრობლემა არ შეჰქმნია.

ბანკში არსებული სახსრები გაიცა არასწორად, სესხის სახით, ერთ სუბიექტზე და შესაბამისად იმ სუბიექტმა არა იმ დანიშნულებით, როგორც ეს სესხით იყო გათვალისწინებული, ბანკთან დაკავშირებულ პირებს პირად ანგარიშზე დაუბრუნა. მე მგონი ეს ფაქტები სადავო არ გამხდარა. მე მგონი, ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ კეთდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, მე მგონი, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა, აღარავითარი მიზეზი პოლიტიკური დევნისა, პოლიტიკური მოტივაციისა და ა.შ. ვფიქრობ, ობიექტურად აღარ მოიპოვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მედიის შეკითხვაზე – პროკურატურა ვერ მიხვდა რომ ეს თაღლითობა იყო? და არის თუ არა ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი? – სარჯველაძე თავდაპირველად შეკითხვითვე პასუხობს, ეთანხმება თუ არა ჟურნალისტი იმას, რომ ეს თაღლითობა იყო, შემდეგ კი აცხადებს: „პროკურატურას რას უწუნებთ? არ მიხვდა, რომ თაღლითი იყოო, მაგას მეუბნებით? საკუთარ თავს დაუსვით ეს შეკითხვა, თქვენი ლოგიკა რაშია, თქვენ მიბრუნებთ საკითხს განსხვავებულად, მე ხომ გითხარით პასუხი, პროკურატურამ რაც დააყენა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ეს ფაქტები არის დანაშაული, პროკურატურის კვალიფიკაცია მიცემული იყო, რომ ეს არის ფულის გათეთრება. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ თქვა, რომ კი, ეს არის დანაშაული, მაგრამ ამას ჰქვია სხვა სახელი. ეს არის მოცემულობა.

მისვამთ კითხვას, ეს არის თუ არა გამოსავალი „ქართული ოცნებისთვის“ და საიდან გამოსავალს მეკითხებით? რომელი ჩიხიდან? გინდათ, ისე მაპასუხებინოთ, თითქოს ჩიხს ვაღიარებ და არავითარი ჩიხი არ არსებობს, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა და პოლიტიკური სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იმიტომ, რომ ოპონენტს გაუსწორდნენ და ა.შ., ამას დღეს გამოეცალა ყოველგვარი ნიადაგი“, – განაცხადა სარჯველაძემ.


დღეს, 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი დასრულდა.

მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების ბრალდება, თაღლითობად გადააკვალიფიცირა და ბრალდებულებს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე მათი სასჯელები გაუქმდა. „თბს ბანკის“ დამფუძნებლები და ბიზნესმენი ავთო წერეთელი ციხეში არ ჩასხდებიან. ისინი საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავენ.