სუს-ი მიმდინარე საპორტესტო აქციებს „სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობის საქმეს" უკავშირებს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე საპორტესტო აქციებს „სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობის საქმეს” უკავშირებს.

სუს-ის შეფასებით, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ „დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.“

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით“,- ნათქვამია განცხადებაში.