თამბაქოს კონტროლი COVID-19-ის პანდემიის დროს: როგორ შეგვიძლია დახმარება

პუბლიკა

„კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია“,- ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცენტრი ასევე ავრცელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს თავმჯდომარის, დოქტორ ადრიანა ბლანკოს განცხადების ქართულ თარგმანს – COVID-19-ის პანდემიის დროს თამბაქოს კონტროლის შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

დღეს ჩვენ ვირუსით გამოწვეული დამანგრეველი, გლობალური პანდემიის წინაშე ვდგავართ, რომელიც, სულ რაღაც, ოთხ თქვეში გავრცელდა და გახდა 3 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევისა და 240 000 სიკვდილის მიზეზი.

COVID-19-ის პანდემიის გასაკონტროლებლად, ტრაგიკული შედეგების შესამცირებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, კრიტიკულ და გადაუდებელ აუცილებლობას მოითხოვს გლობალური კოორდინაცია და ურყევი სოლიდარობა ქვეყნებს შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა, გაერთიანებული ერების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თემებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის. ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ პროცესში და თუ ჩვენი ქმედებები ერთიანი იქნება, შევძლებთ ამ კრიზისთან გამკლავებას.

პანდემიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჯანმრთელობა აქამდე არასდროს ყოფილა ასე ფუნდამენტური მნიშვნელობის განვითარების, ეკონომიკისა და ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტისთვის. სანამ მეცნიერები და ჯანმრთელობის პროფესიონალები დაუღალავად მუშაობენ COVID-19-ის მედიკამენტებისა და ვაქცინების შესაქმნელად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო (WHO FCTC) გააძლიერებს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს კონვენციის მხარეებს, რომლებსაც სურთ, იმუშაონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩარჩო კონვენციის განხორციელებით თავიანთი მოსახლეობისთვის უფრო ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად.

დავინახეთ, რომ COVID-19-ით სიკვდილის დონე უფრო მაღალია ადამიანებში, რომელთაც ჰქონდათ არაგადამდები დაავადებების – გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, კიბოსა და დიაბეტის სამედიცინო ისტორია. და ვიცით, რომ თამბაქოს მოხმარება არის ამ დაავადებებთან დაკავშირებული მთავარი და საერთო რისკფაქტორი.

თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს, გლობალურად, და უარყოფითად აისახება უამრავი სხვა ადამიანის რესპირაციულ ჯანმრთელობაზე. თუმცა COVID-19-თან დაკავშირებული მეცნიერება ვითარდება და ჩვენ მიერ მოპოვებული შეზღუდული მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მოწევა აუარესებს COVID-19 პაციენტების მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ მედიამ გამოაქვეყნა თამბაქოს მოხმარებასა და COVID-19-ით დაინფიცირებას შორის კვლევა, ეს კვლევები არ წარმოადგენს მყარ მტკიცებულებას.

თამბაქოს ინდუსტრიას, როგორც ეს ნათქვამია ბევრ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე, აქვს შეუქცევადი ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლი და მისი განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები მხარეებს სთხოვს, დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისაგან და მათგან, ვინც ამ ინტერესების გასატარებლად მუშაობს. თუმცა, ინდუსტრიას აქვს მოტყუებისა და ჰუმანიტარული კრიზისების, სტიქიური უბედურებისა და სხვა მსგავსი კატასტროფული მოვლენების კაპიტალიზაციის კარგად დოკუმენტირებული ისტორია.

დღეს, თამბაქოს ინდუსტრია კიდევ ერთხელ სარგებლობს ჩვენი მხარეების დაუცველი სიტუაციით, სთავაზობს მათ ფულის დონაციის საშუალებით თავის „საქველმოქმედო დახმარებას“ – პერსონალური დაცვის აღჭურვილობებს, ვენტილაციებსა და სხვა რესურსებს, ინდუსტრიის მიმართ უკეთესი შეხედულებისა და რეპუტაციის გაძლიერებისთვის.

მე მესმის ინტენსიური მორალური დილემა, რომელსაც მთავრობა განიცდის ამ არაჩვეულებრივად რთულ დროს: ერთი მხრივ, არსებობს გადაუდებელი საჭიროება და იმპერატიული ვალდებულება, გადაარჩინონ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე. მეორე მხრივ, არსებობს დონორი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის დაცვის წინააღმდეგ მუშაობის მკაფიო ისტორია, გვთავაზობს განსაკუთრებით საჭირო რესურსებს, რომელთა მოსახლეობისთვის უზრუნველყოფის საშუალება ბევრ მთავრობას არ გააჩნია.

პარადოქსი საოცარია – თამბაქოს ინდუსტრია გვთავაზობს დახმარებას და მთავრობის მხარდაჭერას პანდემიის დროს, არადა, განა ეს სწორედ ის ინდუსტრია არაა, რომელიც აწარმოებს და აგრესიულად ყიდის ნარკოტიკულ პროდუქტს, რომელიც კლავს მომხმარებლების ნახევარს? განა ეს ის ინდუსტრია არაა, რომლის პროდუქტებიც იწვევს არაგადამდები დაავადებების განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, აუარესებს COVID-19-ის პაციენტების მდგომარეობას?

შეგვიძლია, მოველოდეთ თამბაქოს ინდუსტრიისგან, რომ მიჰყვებიან თავიანთი ჩვეულებრივი თამაშის გეგმას იმის მტკიცებით, რომ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ მთავრობებს პანდემიის დროს, მაგრამ შემდეგ განახორციელებენ მათზე ზეწოლას ან ჩარევას იმავე ხელისუფლების თამბაქოს კონტროლის გაძლიერების ძალისხმევაში.

ამ პანდემიის დროს მსურს, შევახსენო ყველა მხარეს, რომ არასოდეს ყოფილა უფრო შესაფერისი დრო თქვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად, რათა შეეცადონ, თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას. ჩვენ, ასევე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა დავიცვათ, თამბაქოს კონტროლის კუთხით მიღებული მიღწევები, ასეთ რთულ პერიოდშიც კი. მხარეთა დასახმარებლად ამ მიზნების შესრულებაში, კონვენციის სამდივნო მზად არის, მხარი დაუჭიროს, ვისაც სურს განახორციელოს ან გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის რეგულაციები და შექმნას უფრო ჯანმრთელი გარემო მოსახლეობისათვის.

ყველას გვახსოვდეს, რომ თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი გარემო, თვალსაჩინო სამედიცინო გაფრთხილებები თამბაქოს კოლოფებზე ან თუნდაც სადა შეფუთვა, თამბაქოს ყველა ფორმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი – გადასახადებისა და ფასის ზრდა თამბაქოს პროდუქტზე, არის ჩარჩო კონვენციის ფუნდამენტური ნაწილი. ეს განსაზღვრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, როგორც ძალიან ხარჯთეფექტური ზომები არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის და მათი გატარება შეიძლება შეზღუდული რესურსების გარემოშიც კი.

რესურსების შეზღუდვის საკითხთან მიმართებით, დადასტურდა, რომ თამბაქოს გადასახადების ზრდა ყველაზე ეფექტიანი ინდივიდუალური ღონისძიებაა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად, მომავალი დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლის გადასარჩენად. თამბაქოს დაბეგვრა, ასევე, ზრდის მთავრობებისთვის საჭირო შემოსავალს, თავიდან არიდებს მათ მოსალოდნელ ჯანმრთელობის ხარჯს და ამსუბუქებს ტვირთს ჯანდაცვის სისტემებზე. გამომდინარე აქედან, მჯერა, რომ ახლა საუკეთესო დროა, ვიფიქროთ თამბაქოს გადასახადების გაზრდაზე, განსაკუთრებით რესურსების შეზღუდვების და თამბაქოს მოხმარების უარყოფითი ჯანმრთელობის შედეგების გათვალისწინებით.

ამ რთულ პერიოდში კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო ჩემი მხარდაჭერა ჩვენი მხარეებისთვის და პირადი მადლობა გადავუხადო ყველას მსოფლიოში, ვინც საფრთხის წინაშე აყენებს საკუთარ სიცოცხლეს საზოგადოების ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.