ტელეწამყვან ვახო სანაიას ფეისბუქპოსტების გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

პუბლიკა

ტელეწამყვან ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ზვიად ცეკვავა მის მიმართ ფეისბუქპოსტის გამო დაწყებულ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა.

როგორც ვახო სანაიამ „პუბლიკას“ უთხრა, ის სხდომებს არ ესწრებოდა და პროცესის დეტალები არ იცის.

ვახო სანაიას ადმინისტრაციული საქმეების ქრონოლოგია

10 ივლისს ვახო სანაია თორნიკე ქოჩქიანმა 6 000 ლარით დააჯარიმა შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო.

პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მანამდე, სანამ შსს-ში „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“ შეიქმნებოდა, სანაია 4 000 ლარით იყო დაჯარიმებული პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საბაბით. მას ჯარიმა გადახდილი არ ჰქონდა.

ამის გამო ვახო სანაია მოსამართლემ პოლიტიკური თანამდებობის პირის განმეორებით შეურაცხყოფისთვის ცნო სამართალდამრღვევად და მუხლისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმით – 6000 ლარით დააჯარიმა.

სამართალდარღვევად შეფასდა სოციალურ ქსელში ვახო სანაიას მიერ გამოქვეყნებული შემდეგი პოსტები შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ:

  1. „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება… აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“;
  2. „პაპუაშვილი *ლეა“ – ასეთი კომენტარები მხვდება სოციალურ ქსელში… წინაზეც დავწერე სტატუსი, რომ სამმართველო უკვე ამოქმედებულია და იქნებ ამ სამსახურს სცეთ პატივი, თუმცა შალვას პატივისცემისკენაც მოგიწოდებთ დაბეჯითებით. გასაგებია, რომ *ლედ მიგაჩნიათ ამხელა კაცი, მაგრამ სამმართველოც **ლეობაა?“ , – წერს სანაია სადავო პოსტებში.

ამჯერად რას ედავებოდა ვახო სანაიას შსს?

10 ივლისს, როცა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სანაია პაპუაშვილისა და ბოჟაძის შესახებ დაწერილი ფეისბუქპოსტების გამო დააჯარიმა, ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში 2 პოსტი დაწერა:

  1. „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ყლ*ს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“;
  2. „მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყლ*ებად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს.“

18 ივლისს ვახო სანაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ორი პოსტის გამო სასამართლოდან დაუკავშირდნენ.

როგორც სანაიამ „პუბლიკას“ უთხრა, ის ამჟამად სახლშია. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღასრულებს შსს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რას ამბობს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა მარიამ კერესელიძემ მედიასთან განაცხადა, რომ სანაიას მიმართ სამართალწარმოება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მესამედ შეურაცხყოფის საფუძველზე დაიწყო. მისი თქმით, ეს ამ მუხლის მესამედ დარღვევის პირველი შემთხვევაა. ასევე ვახო სანაია პირველია, ვის მიმართაც ადმინისტრაციული პატმრობა გამოიყენეს „სქროლვა-სქრინვის სამმართველოს“ შექმნის შემდეგ.

რატომ იშუამდგომლა შსს-მ ადმინისტრაციული პატიმრობა, მარიამ კერესელიძე განმარტავს:

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე. წინა გადაწყვეტილების შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა.

მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახო სანაია არ ესწრება სხდომებს, არ იხდის ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა.

დიახ [პირველი ადამიანი იყო, ვინც დავაპატიმრეთ ამ სამმართველოს შექმნის შემდეგ], თუმცა ამასაც აღვნიშნავ, რომ ვახტანგ სანაია პირველი პირი იყო, ვისაც მესამე ფაქტს ედავებოდა შსს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.

ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც იგი რეალურად თავად ავრცელებდა შეურაცხყმყოფელ ეპითეტებს, აქედან გამომდინარე, მისი ეს ვითომდა დისტანცირება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისგან გამომრიცხავ გარემოებად, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლების შეფასების დროს მხოლოდ ლიტერატურულ და გრამატიკულ წყობას არ აქვს მნიშვნელობა, არამედ მიზანს, კონტექსტს და შინაარსს, რაც ჩვენი მოსაზრებით, შეფასდა შეურაცხმყოფელ გამოხატვად და სასამართლომ ეს გაიზიარა“, – განაცხადა მარიამ კერესელიძემ, შსს-ს იურისტმა.