TI გიგაურის წინააღმდეგ თადუმაძის სარჩელს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნად აფასებს

პუბლიკა

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, შალვა თადუმაძემ ეკა გიგაურისათვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

შალვა თადუმაძე მისი დიპლომის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ცილისწამებისთვის უჩივის.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, ეკა გიგაურმა შესაგებელი უკვე წარადგინა და დავა სასამართლოში გრძელდება. მის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს, თბილისის ყოფილი პროკურორის, მაია მწარიაშვილის ხელმძღვანელობით.

TI-ის ინფორმაციით, თადუმაძე სადავოდ ხდის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ კომენტარს, სადაც იგი ეჭვქვეშ აყენებს თადუმაძის დიპლომის შესაბამისობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

ორგანიზაციის არგუმენტით,

თადუმაძის სარჩელი სამართლებრივად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს:

  • გიგაურის განცხადების საწინააღმდეგოდ და მისი დიპლომის ნამდვილობისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის დასტურად სარჩელთან ერთად მას წარმოდგენილი აქვს მის მიერვე შედგენილი ავტობიოგრაფია, რომელიც განთავსებულია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.
  • სარჩელს არ ახლავს რაიმე ახალი გარემოება ან დოკუმენტი, რაც   საზოგადოებას შეუქმნიდა მყარ რწმენას მისი დიპლომის ნამდვილობისა და ამ დიპლომის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კვალიფიკაციის შესახებ.
  • შალვა თადუმაძის არგუმენტით, მმართველი პარტიის მიერ მისთვის ორჯერ გამოცხადებული ნდობა, რის საფუძველზეც იგი ჯერ გენერალური პროკურორის, შემდგომ კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, მისი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის საკმარისი მტკიცებულებაა.

უპრეცედენტოა, შალვა თადუმაძის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე:

  • შალვა თადუმაძე სარჩელით ითხოვდა, რომ მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს, სასამართლო დავის დასრულებამდე, საჯარო საუბარი აკრძალვოდა.
  • პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, შალვა თადუმაძეს განუმარტა, რომ აღნიშნულზე დათანხმება ადამიანის კონსტიტუციურ უფლებაში უხეში ჩარევა იქნებოდა.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი, რომელიც ფაქტობრივად უფლებადამცველი ორგანიზაციისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება, სამართლებრივად და ფაქტობრივად სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. იგი ეწინააღმდეგება, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითი უკვე არსებობს ქართული სასამართლოს  გადაწყვეტილების სახით.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს“, – აცხადებს ორგანიზაცია.