საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო გოგუაძემ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს.
როგორც დეპუტატები ამბობენ, კანონპროექტის მიზანი კორიფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ინტიტუციური მექანიზმის შექმნაა. შესაბამისად, წარდგენილი კანონპროექტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.
ანტიკორფციული რეფორმის შესახებ ბიუროს სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს მიესალმება „გამჭირვალობა საქართველო“ და ინიციატივის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
TI განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ანტიკორუფციული გარემოს ფუნდამენტურ გაუმჯობესებას.
ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატის – თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძის, დიმიტრი ცქიტიშვილისა – და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა.
როგორი იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური და რა ფუნქციები ექნება მას – ამის შესახებ ინფორმაციას „გამჭირვალობა საქართველო“ ავრცელებს.
როგორ იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური?
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება სამ სხვადასხვა უწყებაში არსებული ანტიკორუფციული ფუნქციის მქონე დანაყოფების გაერთიანების შედეგად. ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებებით. სააგენტოს ხელმძღვანელს პარლამენტი მაღალი ქვორუმით დანიშნავს, რაც უზრუნველყოფს მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობის მაღალ ხარისხს.
რა ფუნქციები ექნება დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სამსახურს?
სააგენტოში თავს მოიყრის მთელი რიგი ისეთი ანტიკორუფციული ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა უწყებაშია(სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური) გაფანტული ან საერთოდ არ აქვს არცერთ უწყებას დაკისრებული:
- საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი და ანტიკორუფციული პოლიტიკის დახვეწა;
- საჯარო დაწესებულებებში კორუფციის გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა. ასევე, კორუფციის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
- თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი;
- პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
- კორუფციული დანაშაულის მამხილებელთა დაცვა;
- საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და სხვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა?
საერთაშორისო პრაქტიკით დასტურდება, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმია. აღნიშნული მოდელი წარმატებით არის დანერგილი არაერთ ევროპულ ქვეყანაში. შემოთავაზებული რეფორმა გულისხმობს ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის თვისებრივ გაუმჯობესებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის შესაძლებელს გახდის, ე.წ. „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების რეალურ გამოძიებასა და პრევენციას.