83 მომხრე, 0 წინააღმდეგი – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გიორგი გვარაკიძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა. გვარაკიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, ხოლო პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა განხილვის გარეშე ჩატარდა. გვარაკიძის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა.
18 ივნისს საპროკურორო საბჭომ განაცხადა, რომ საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.
ის ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. ის „ოცნების“ პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე აირჩია. გიორგი გაბიტაშვილი ერთ-ერთია, რომელიც 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალურ სიაში შეიყვანა.