თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს ვთხოვეთ, რომ საქართველოს „3+3“ ფორმატის სარგებელი აუხსნან - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მათი სურვილია, რომ საქართველო ჩაერთოს „3+3“ ფორმატში და ცდილობენ ქართველი კოლეგებისთვის ამ ფორმატის უპირატესობის ახსნას.

თუმცა, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს არ აქვთ, ლავროვის თქმით, მათ თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმართეს, რომ აუხსნან ქართველ კოლეგებს „3+3“ ფორმატში მონაწილეობის მნიშვნელობა.

„ჩვენ მივმართეთ ჩვენ თურქ მეგობრებს, აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ აუხსნან ჩვენს ქართველ მეზობლებს ის სარგებელი, რასაც მათ და ჩვენ ყველას მოგვიტანს ამ ფორმატით დაკავშირება. ეს ფორმატი არ მოითხოვს მათგან არაფერს პოლიტიკური პოზიციების შესახებ…

ჩვენ ახლა ქართველ კოლეგებთან კომუნიკაცია მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ჩარჩოში გვაქვს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგებს განვიხილავთ და გვაქვს არაფორმალური მოლაპარაკებების არხი, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის რამდენიმე ხნის წინ გაიხსნა.

მაგრამ ჩემი აზრით, „3+3“ ფორმატის შედეგად წამოწყებული პროცესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან განიხილება მთლიანი რეგიონის განვითარების პერსპექტივები“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, გასულ წელს ყარაბაღის ომის შემდეგ მიღწეულმა სამშვიდობო შეთანხმებამ, რომელიც პუტინის შუამავლობით გაფორმდა, რეგიონში დაასრულა საომარი მოქმედებები და ხელი შეუწყო სავაჭრო გზების გახსნას, ეკონომიკური კავშირების აღდგენას. ეს კი ახალ შესაძლებლობებს ქმნის თურქეთისთვის, ირანისთვის, რუსეთისთვის და დარწმუნებულია, რომ საქართველოც დაინტერესებულია ამით.

„ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილოთ მხოლოდ ის საკითხები, რაც ყველა მისი მონაწილის ინტერესებშია“, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომელშიც მისი უწყების 2021 წლის ანგარიში წარადგინა.


„3+3“ ფორმატის იდეა თავდაპირველად 2020 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჰეპ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანში, თავის კოლეგასთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გააჟღერა ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ.

ეს ფორმატი გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და რუსეთის, თურქეთისა და ირანის ერთ პლატფორმაზე მუშაობას. დაკონკრეტებული არაა ის საკითხები და თემები, რისი განხილვაც ამ პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს, თუმცა ამ ქვეყნების ლიდერების განცხადებებიდან ჩანს, რომ საწყის ეტაპზე საკითხები რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო გზების გახსნასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხება.

„3+3“ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა საქართველომ. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „რაღაც ფორმით დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში უნდა ვიყოთ, წითელი ხაზების დაცვით“. მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მინისტრს ამ ფორმატში ჩართვა არ განუხილავს.

საქართველოს ხელისუფლებამ კი გააჟღერა წინადადება, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სამშვიდობო მოლაპარაკების გასამართ ადგილად თბილისს სთავაზობს.

„3+3“ ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში მოსკოვში გაიმართა. რადგა ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა საქართველომ, მასში დანარჩენი ხუთი ქვეყნის – რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და რეალურად, 3+2 ფორმატით ჩატარდა. თუმცა, ამის მიუხედავად შეხვედრის ამსახველ ფოტოში სხვებთან ერთად გამოჩნდა საქართველოს დროშაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მართალია, საქართველომ თავი შეიკავა მონაწილეობისგან, მაგრამ ქართული მხარე მიწვეული იყო და მისთვის მომავალშიც ღია რჩება კარი.

„ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს საქართველომაც, რომლისთვისაც კარი ღია რჩება“, – განაცხადა მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.