TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - დირექტორობის ახალი კანდიდატი ლევან ჯორბენაძეა

პუბლიკა

TV პირველის მფლობელმა, ვახტანგ წერეთელმა არხის სამეურვეო საბჭოს წევრები და დირექტორობის კანდიდატი წარადგინა. საბჭოს პირველი შეხვედრა ტელეკომპანიაში დღეს, 23 სექტემბერს გაიმართა.

ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში არხის განვითარების ახალ ეტაპსა და მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებზე წერს.

მისი განცხადებით, ტელეკომპანიის მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, ახლა კი დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო.

„ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა „TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ.

საბჭო აერთიანებს მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს – ირაკლი მელაშვილს, დოდო შონავას, გიორგი მშვენიერაძეს, გია ხუხაშვილს, დავით ძიძიშვილს, ირაკლი აფაქიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ინგა გრიგოლიას და თამარ ჯინჭარაძეს.

ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ „TV პირველში” ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი – ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება.

მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და „TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“, – წერს ვატო წერეთელი.