„უკრაინის ადგილი NATO-შია“, — ზელენსკი NATO-ს ანკარის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

პუბლიკა

„უკრაინის ადგილი NATO-შია“, – ეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ანკარის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

თავის სიტყვაში მან აქცენტი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ „ამ მასშტაბით თავდასხმითი დრონებისგან თავდაცვის შესაძლებლობა არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონდა, ეს შესაძლებლობები კი უნდა გახდეს NATO-ს ნაწილი“.

„ცაში ორ ძირითადი მიმართულებით ვიბრძვით: ვიცავთ უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან და ვახორციელებთ შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის საპასუხოდ, ასევე საშუალო მანძილზე ზეწოლის კამპანიას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მთელ სიღრმეზე. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩვენი დრონების წყალობით შევძელით ოკუპირებული ტერიტორიების მთელ სიღრმეზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობის შექმნა.

თქვენ თავად ხედავთ, როგორ გამოიყურება რუსეთის მასშტაბური თავდასხმები. ისინი ძალიან ჰგავს იმას, რაც ცოტა ხნის წინ მეზობელ რეგიონში ვიხილეთ, როდესაც ირანის ძალებმა მეზობელ ქვეყნებზე სხვადასხვა ტიპის დრონებით, რაკეტებითა და დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს.

რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი 90 პროცენტზე მეტად გავზარდეთ. ეს ნიშნავს, რომ ყოველ კვირას ათასობით რუსული თავდასხმითი დრონი ნადგურდება.

და სრული პატივისცემით, ამ მასშტაბით თავდასხმითი დრონებისგან თავდაცვის შესაძლებლობა არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონდა. ამ ომის რეალობამ გვაიძულა, ეს შესაძლებლობა შეგვექმნა. დღეს ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ასობით თავდასხმით დრონს ვიგერიებთ, ხოლო ყოველ კვირასა და ყოველ თვეში – ათასობითს.

მართლა გჯერათ, რომ სწორი იქნებოდა, NATO-ს მიღმა დარჩეს ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ასეთი დონის თავდაცვითი შესაძლებლობები აქვს? თუ ეს შესაძლებლობები უკვე გაგვაჩნია, თუ უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ უნდა იბრძოლონ ამ დონეზე, მაშინ სრულიად ლოგიკურია, რომ ეს შესაძლებლობები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი გახდეს. ეს ყველას გაგვაძლიერებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის თავდასხმებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და თქვა, რომ „გუშინ უკრაინულმა დრონებმა რუსეთის თავდაცვა გაარღვიეს და ციმბირში მდებარე ქარხანას დაარტყეს“.

„ეს გამონაკლისი არ არის. ეს ახალი რეალობაა. რუსეთში აღარ დარჩა არც ერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინას დარტყმა არ მიეყენებინოს.

მსურს ეს განსაკუთრებით გავუსვა ხაზი.

პუტინისგან განსხვავებით, ჩვენ ამ ომს არც სიამოვნებისთვის ვაწარმოებთ და არც გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ომი უკრაინაში რუსეთმა მოიტანა. ის კლავს ჩვენს ხალხს. მას ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურება სურს, ჩვენ კი მხოლოდ თავს ვიცავთ, ომის პირველივე დღიდან თავდაცვაში ვართ და ამ ომის ფასს რუსეთისთვის მუდმივად ვზრდით, ამით კი მშვიდობის მიღწევის შანსებსაც ვზრდით“, – განაცხადა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 რუს სამხედროს ანეიტრალებს – ივნისში ეს რიცხვი თითქმის 28 000 იყო. 

„მხოლოდ ივნისში თითქმის 28 000 რუსი სამხედრო იქნა ლიკვიდირებული და თითოეულ შემთხვევაზე ვიდეოდადასტურება გვაქვს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დრონებით იქნა განადგურებული. გულწრფელად რომ ვთქვა, ამით არ ვამაყობთ. ამას მხოლოდ იმის საჩვენებლად ვამბობთ, თუ როგორ გამოიყურება თანამედროვე ომი – ომი, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ რომლის წარმოებაც გვიწევს“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გააგრძელონ და მეტი Patriot-ის სისტემა და რაკეტა მიაწოდონ.

„ვინც სიცოცხლეს იცავს, მათ მეტი Patriot სჭირდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპას საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემების წარმოების შესაძლებლობა სჭირდება.

„ამის გადადება 2030 წლამდე ან უფრო გვიან აღარ შეიძლება. ევროპას რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება ხელმისაწვდომი, მასობრივი წარმოების ანტიბალისტიკური სისტემები. სინამდვილეში — დღესვე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ილაპარაკა Drone Deal Initiative-ზეც და თქვა, რომ ეს მხოლოდ დრონების შეძენას არ გულისხმობს – ის ასევე მოიცავს ერთობლივ წარმოებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საშუალებებსა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე დაჩქარებულ წვდომას, ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ძლიერი თავდაცვის შექმნის მნიშვნელობას ევროპაში.

„როგორც ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე ომებმა გვაჩვენა, ეს გლობალური მნიშვნელობის საკითხია.

ვფიქრობ, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი შესაძლებლობა, აწარმოოს ანტიბალისტიკური სისტემები და მათთვის აუცილებელი რაკეტები.

ამის გადადება 2030 წლამდე ან უფრო გვიან აღარ შეიძლება.

ევროპას რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება ხელმისაწვდომი, მასობრივი წარმოების ანტიბალისტიკური სისტემები. სინამდვილეში – დღესვე. დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით: ეს არც მთავრობებისა და არც ინდუსტრიის მოგების მაქსიმიზაციას ეხება. ეს არის იმისთვის, რომ ასობით მილიონ ევროპელს მაქსიმალურად ძლიერი დაცვა ჰქონდეს. ეს დაცვა დღეს არის საჭირო და არა წლების შემდეგ“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე მოუწოდა NATO-ს წევრ ქვეყნებს და მის პარტნიორებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ უკრაინასთან თანამედროვე თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ყველა ტიპის დრონული საფრთხისგან დაცვის სისტემების შესაქმნელად.

„ვერ დავასრულებ სიტყვას, თუ მადლობას არ გადავუხდი იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის ადგილი ნატოშია. NATO უკრაინასთან ერთად მომავლის ალიანსია. დღევანდელი ალიანსი თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს უკრაინასთან ერთად უნდა პასუხობდეს – ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის სიძლიერით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ხალხის გამძლეობითა და გამოცდილებით. ვამაყობ ჩვენი ხალხით და ვამაყობ უკრაინით“, – განაცხადა მან სიტყვის დასასრულს.

NATO-ს სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს, 7 ივლისს დაიწყო და ხვალ, 8 ივლისს დასრულდება. განსახილველი საკითხებს შორის არის თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ინვესტიციები, ზოგადად თავდაცვის ინდუსტრია და უკრაინის მხარდაჭერა.