უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას ითხოვს

პუბლიკა

უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი მიხეილ სააკაშვილის სანახავად დაშვებას ითხოვს. ამის შესახებ ის ტელეგრამზე წერს.

„რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება. ყველა საჯაროდ უყურებს, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა. და ეს მიუღებელია! კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან”, – წერს ის.

მისი თქმით, რამდენჯერმე წერილით მიმართა სახალხო დამცველსა და იუსტიციის სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღია. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაიყვანონ და აღნიშნავს, რომ უკრაინა განზე არ დადგება, როცა მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში არიან.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა  ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. 

ზელენსკიმ თქვა, რომ მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს.

„ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. დავით არახამიამ გადმომცა ეს [ფოტოები]. მინდა, ნახოთ, ახლა როგორ გამოიყურება…

მე მჯერა, რომ დღეს საქართველოს მთავრობა კლავს, მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ, მომიტევეთ”, – თქვა ზელენსკიმ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სააკაშვილი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

დისტანციური ჩართვიდან ჩანდა, რომ  მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და ლაპარაკი უჭირს. მას მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ ცუდადაა.