საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა  ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. 

ზელენსკიმ თქვა, რომ მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს.

„ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. დავით არახამიამ გადმომცა ეს [ფოტოები]. მინდა, ნახოთ, ახლა როგორ გამოიყურება…

მე მჯერა, რომ დღეს საქართველოს მთავრობა კლავს, მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ, მომიტევეთ”, – თქვა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სააკაშვილი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

დისტანციური ჩართვიდან ჩანდა, რომ  მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და ლაპარაკი უჭირს. მას მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ ცუდადაა. მანვე მოითხოვა უკრაინულ ენაზე მიმართვა.

„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა… ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა…  თუ საჭიროა, სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული“, – თქვა მან.