ინფიცირებულთა 80%-ს კლინიკაში მკურნალობა არ დასჭირდება - ექსპერტები პირველი ჯანდაცვის როლზე

პუბლიკა

საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ჰოსპიტლური სექტორის გადატვირთვა, მოემზადოს პირველადი ჯანდაცვა მოსახლეობის დასახმარებლად, რადგან ინფიცირებულთა 80%-ს სტაციონარში მკურნალობა არ დასჭირდება და მნიშვნელოვანი ხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობა.

“საჭიროა კონცენტრაცია გავაკეთოთ არა მარტო საყრდენ საავადმყოფოებზე, რომლებსაც ვამზადებთ, არამედ სამუშაო მთელს ჯანდაცვის ქსელშია გასაშლელი და აქ საუბარი მხოლოდ საავადმყოფოებზე არაა, რადგან პაციენტებს შეხვედრა მოუწევთ პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან.

ვიცი, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა არაა იმ სიძლიერის. მე პირველი არ ვარ, ვინც ამას ამბობს. ვიცი და გაჟღერდა კიდეც, რომ მუშავდება კონკრეტული მექანიზმი, როგორ მოხდეს პირველადი ჯანდაცვის დონეზე მოსახლეობის დახმარება. ეს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება. თქვენ იკითხეთ – რა მოხდა იტალიაში? მოხდა ის, რომ ყველა საავადმყოფოს მიაწყდა. ყველა პაციენტს, რომელსაც ეს დაემართება 80%-ს არ სჭირდება სტაციონარი”.

მისი თქმით, საჭიროა ასეთი შემთხვევების მართვა პირველადი ჯანდაცვის სისტემის დონეზე მოხდეს.

“იდეაში ვიცი, რომ ეს არის მოფიქრებული, რომ იყოს ერთი ნომერი, სადაც ყველა მოქალაქე დარეკავს და მიიღებს სატელეფონო კონსულტაციას.

თუ ხარ იზოლირებული,  ეს ნიშნავს, რომ იცავ ოჯახის წევრებს, იცავ ხანდაზმულებს და მერე, რა თქმა უნდა, მთელ საზოგადოებას და ჯანდაცვის სისტემას, რომ ყურადღება დაუთმოს იმ ადამიანებს, ვინც კლინიკის გარეშე ვერ გადარჩება და სჭირდება დახმარება. აქ უკვე საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე გავდივართ. თითოეულმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ზედმეტი მისვლა დაწესებულებაში, ფორიაქი ცუდია, რადგან შეიძლება სულ არ ჰქონდეს ინფექცია, მაგრამ იმიტომ, რომ მივიდა და რიგში დადგა გადაედოს და სახლში წაიღოს”, – ამბობს გიორგი გოცაძე.

პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე და უსიმპტომო პაციენტების სახლში დარჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმაც.

“შემთხვევები მოიმატებს და ყველა ქალაქს ვერ ჩაკეტავენ ტესტირებით დროული გამოვლენა არის სერიოზული გამოსავალი. ინფიცირებულები და გადავიდნენ იზოლაციაში, რომ გარშემომყოფების დაცვა მოხდეს. ჩვენ ერთეული შემთხვევები გვქონდა და იყო ფუფუნება, რომ უსიმპტომო პაციენტებიც სტაციონარში დაგვეწვინა. თანდათან უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ არავითარი საჭიროება და აუცილებლობა, რომ უსიმპტომოები იყვნენ სტაციონარებში და დაიკავონ ადგილები, არ არის. ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უნდა დამშვიდდეს და შეეგუოს იმ აზრს, რომ მათი სტაციონარში დაწოლა შეიძლება აღარც მოხდეს, იმ მკაცრი გარანტიით, რომ დაიცავენ გარშემომყოფებს და სიფრთხილის წესებს”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.