ვაკის პარკის საქმეზე მერიის მაღალჩინოსანს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს გიგა გიგაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო ასევე განიხილავდა „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტ-სპეციალისტის, ვახტანგ ლონდარიძის საქმეს. მოსამართლემ მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საგამოძიებო უწყება მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; ხოლო ექსპერტს ბრალად ედებოდა ყალბო ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება.

უფლებადამცველები გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ.

სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს პროკურატურაც.

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, მისი ამოღების მცდელობისას სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.