ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე რამდენიმე პირს ბრალდება წარედგინა

პუბლიკა

ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ რამდენიმე პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.

„საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც. კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი გათიშვის მოწყობილობის გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტრო ტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტრო ტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში.

ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტრო დენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა.

ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური).

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი დადგინდა. კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა  და შპს ,,გრინსერვისი +“-ს  შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ,,გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა.

საბოლოოდ, შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.