კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული. კომპანია „ელემსი” ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის პროექტის ავტორია.
მისივე თქმით, თავის დროზე, როდესაც აღნიშნული შადრევანი მოეწყო, ჩაძირული ტუმბოებისთვის ადგილი გამოყოფილი იყო შადრევნის წრიული სიბრტყის გარეთ, დაახლოებით ერთ-ნახევარი მეტრის დაშორებით. კომპანიის დირექტორმა, შალვა ქურიძემ ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ მისი პროექტი შეცვლილია და მან ამის შესახებ გამოძიებას გამოკითხვისას ინფორმაცია მიაწოდა.
„როდესაც ნახეს ჩემი პროექტი, ძალიან გაუკვირდათ. პროექტი შეცვლილია, ტექნიკურ ნაწილში სხვა რამეა. სისტემა სხვაა, ჩინურია, არ არის გერმანული. ჩვენი პროექტით, მრგვალ შადრევანს ჩვენ ვუცვლიდით სამშენებს, განათებებსა და ტუმბოებს. ანუ, ამგვარი შადრევნის ტუმბოები ჭაში იდგა ერთი მეტრის დაშორებით.
ჩვენ შევცვალეთ ტუმბოები ჭაში, შევცვალეთ სამშენის თავები. ეს შადრევანი რომ დაიშალა და ხელმეორედ რომ აეწყო, ახალი სისტემა რომ გაკეთდა, როგორც ვნახეთ, ტუმბო არის შიგნით ჩადგმული. რეალურად უნდა ყოფილიყო განაპირა მხარეს. რაც შეეხება ტექნოლოგიურ მხარეს, მე შევარჩიე გერმანული მოდელი, მაგრამ მშენებელს უფლება აქვს, თუ ის ვიზუალს არ ცვლის, რომელი ტექნოლოგიით შეასრულებს და რომელი მოდელით, ეს მისი ნებაა“, – განუცხადა შალვა ქურიძემ. ტელეკომპანია „პირველს“.
თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას თქმით, პროექტი არ შეცვლილა და შალვა ქურიძემ მედიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
„მოვისმინეთ ჩვენ ეს განცხადება, ძალიან სამწუხარო განცხადებაა. პირველ რიგში პროექტში ნათლად არის მითითებული, რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს, მე ამობეჭდილი მაქვს პროექტიდან. ეს არის ჩაძირული ტუმბო, მრგვალ შადრევანზე. მითითებულია, რომ უნდა იყოს ჩაძირული, შესაბამისად გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ტუმბო გარეთ თუ იქნებოდა, მაშინ ის უნდა ყოფილიყო სხვა ტიპის.
ჩვენ გვაქვს ნახაზი, სადაც არის მითითებული, რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიყო და ისრებით მითითებულია, სად უნდა ყოფილიყო ტუმბოები დამონტაჟებული. მესამე ნახაზში, ნათლად ჩანს და ავტორის მიერ არის დამოწმებული, სად არის ტუმბო და სად უნდა ყოფილიყო პროექტით. ტუმბოები დამონტაჟდა ისე, როგორც პროექტში იყო და მეორე, სულ რომ ამას იძახოდეს ეს ადამიანი, მას ხელშეკრულებით ევალებოდა პროექტის მსვლელობისას საპროექტო ზედამხედველობის გაწევა.
ეს ადამიანი ჩართული იყო როგორც სამშენებლო პროცესში, გახსნამდე, ეს ადამიანი ადგილზე იყო და ზუსტად იცოდა, როგორც განხორციელდა სამუშაოები და მისგან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა, არც ჩვენთან და არც კონტრაქტორთან”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
რაც შეეხება ტუმბოების მწარმოებელ ქვეყანასთან დაკავშირებულ საკითხს ბასილიამ უაპსუხა, რომ „პროექტში არ შეიძლება ჩაიდოს მწარმოებელი ქვეყანა. ეს კანონმდებლობის დარღვევაა, პროექტში იდება [პროდუქტის] ტექნიკური მახასიათებლები “, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.