ვენეციის კომისია მიესალმება სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს და აქვს რეკომენდაციებიც

პუბლიკა

ვენეციის კომისია სასწრაფო დასკვნას აქვეყნებს და მიესალმება საქართველოს ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ შესატან ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს რამდენიმე წინა რეკომენდაციას.

კომისიის განცხადებით, მიუხედავად ამისა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ, კანონმდებლობის მეტი სიცხადის, გამჭვირვალობისა და ყველა კანდიდატისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად.

კანდიდატების მოკლე სიების შედგენასა და ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ შესწორებები მოიწონა კანდიდატებისადმი თანაბარი მოპყრობის მკაფიოდ ხსენებისათვის, ასევე მოკლე სიაში მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების შეყვანისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრების იდენტიფიცირებისთვის.

„ხმის მიცემა, როგორც ასეთი, არ არის სრულყოფილი მექანიზმი, რადგან რთულია ხმის მიცემის პროცედურას დაეფუძნოს დამსახურების მიხედვით ეფექტიანი დანიშვნა; თუმცა ახლა წარმოდგენილი გამჭვირვალობის დონე გასაჩივრების პროცესთან ერთად გარკვეულად ამ საკითხს უნდა დაეხმაროს“, – აღნიშნავს ვენეციის კომისია.

გასაჩივრების მექანიზმზე ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მიესალმება იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდგომი გასაჩივრებისთვის.

„თუმცა ვენეციის კომისია იმეორებს თავის წინა რეკომენდაციას, რომ მხედველობაში მიიღონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, რომელიც მიიღებდა ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო პალატაში გასაჩივრების შემდეგ. გარდა ამისა, დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს, სანამ პალატა თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს“, – აღნიშნავს კომისია.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ არსებული სიტუაცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებას სურს, შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის ფარგლებშიც პირველადი გასაუბრებები ჩატარდა ძველი წესებით და ახალი გასაუბრებები ახალი წესების მიხედვით დარეგულირდება, „საჭიროებს ძალიან ფრთხილ მიდგომას, რადგან ეს კანდიდატთა თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით დიდ შეშფოთებას იწვევს“.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანდიდატებისადმი თანაბარი მოპყრობის მისაღწევად შერჩევის პროცედურა შეიძლება შეიძლება საჭიროებდეს ახლიდან დაწყებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასკვნა 2021 წლის 8 აპრილს მოითხოვა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა. იგი მომზადდა სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ და განხორციელდა ევროსაბჭოს მიერ მათი „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ II ფაზის ფარგლებში


1 აპრილს საქართველოს პარლამენტში მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესში შესატან ცვლილებებს.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულია და მთლიანად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას.