კანონპროექტი ფრაგმენტულია და მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას - კოალიცია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე

პუბლიკა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულია და სრულად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას.

მათი შეფასებით, ახალი ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს როგორც თავად პროცესის გაჯანსაღებას და საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ისე, ზოგადად, სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მოგვარებას.

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, ხოლო სასამართლო სისტემას მართავს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი – კლანი, შემოთავაზებული ცვლილებები, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, სასამართლო რეფორმის იმიტაციის მცდელობას წარმოადგენს. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე მსგავსი ცვლილებები სასამართლოში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის ძირითად საკითხებზე შეთანხმება უნდა მოხდეს მიმდინარე მედიაციის პროცესში არსებული პირობების შესაბამისად. კერძოდ, პირველ რიგში, ხელისუფლება და ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების კონსენსუსზე ორიენტირებულ წესზე უნდა შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს სისტემაში კლანური მმართველობის აღმოფხვრას და ხელისუფლების არასათანადო გავლენების შესუსტებას.

აღნიშნულთან ერთად, კოალიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლების, პოლიტიკური აქტორების და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით შეიქმნას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომელიც სიღრმისეულად შეაფასებს სასამართლოში არსებულ პრობლემებს, წარსულის გამოცდილებას და პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცეულ სასამართლოს. კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით, პარლამენტმა უნდა მიიღოს პოლიტიკური შინაარსის რეზოლუცია, რომლის საფუძველზე უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სასამართლოში კლანური მმართველობის დემონტაჟი.

შესაბამისად, ამ ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე აზრს მოკლებულია ყოველგვარ პროცედურულ გაუმჯობესებაზე მსჯელობა, ვინაიდან ქართული მართლმსაჯულების სისტემის პრობლემას, არა პროცედურული საკითხების მოუწესრიგებლობა, არამედ ხელისუფლების გავლენები და არაფორმალური ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლება წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.


25 მარტს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა.

ოხანაშვილის თქმით, დაინიცირებული ცვლილებებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:

„გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ.

მეორე – საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. „სარეიტინგო სიის“ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.

მესამე – ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს!

და ბოლოს, წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.