„ვწუხვართ, რომ საქართველომ ეს კანონი ნაჩქარევად მიიღო“ - EU მოსამართლეების შერჩევაზე

პუბლიკა

ევროკავშირი ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში შეტანილ ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს ცვლილებები ნაჩქარევად, ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მიიღო.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში შესატან ცვლილებებს. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება შერჩევის პროცესისა და მისი წესების ნაკლოვანებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, რათა გამოსწორდეს შერჩევის პროცესის სამართლებრივი ჩარჩო, იმედს გვიცრუებს ის, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს ცვლილებები ნაჩქარევად, ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მიიღო. ვწუხვართ, რომ საქართველომ ეს კანონი წინასწარ, ნაჩქარევად მიიღო, ისე, რომ არ გააკეთეს დროული განაცხადი და ვენეციის კომისიის საბოლოო მოსაზრებას არ დაელოდნენ.

ამიტომ ევროკავშირი საქართველოს მტკიცედ ურჩევს, რაც შეიძლება მალე მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება, სრულდება თუ არა მიღებული ცვლილებებით რეკომენდაციები. ახალი წესები, როდესაც ვენეციის კომისია დაადასტურებს, საჭიროა, თანაბრად ეხებოდეს ყველა აპლიკანტს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზენაეს სასამართლოში, საქართველოს უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში მუშაობდნენ უაღრესად კომპეტენტური და პატიოსანი მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გადახედვა – არის საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების (MFA) მეორე ტრანშის მიმდინარე პროგრამის ნაწილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.


1 აპრილს საქართველოს პარლამენტში მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესში შესატან ცვლილებებს.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულია და მთლიანად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას.