ვერ ვხვდები, რას ემსახურება წამყვანი ექიმების მხრიდან აგრესიული განცხადებები უცხოეთში მოღვაწე ექიმის მიმართ – მაჩაიძე

პუბლიკა

„ვერ ვხვდები რას ემსახურება წამყვანი ექიმების გამოყვანა და ერთ ტონში, აგრესიით სავსე განცხადებების გაკეთება უცხოეთში მოღვაწე ექიმის მიმართ, მით უმეტეს ისეთ თემაზე, რასაც სამეცნიერო კამათი და გარჩევა სჭირდება. თქვენ არავინ გიკარგავთ იმ შრომას და დამსახურებას, რაც გასწიეთ ამ საქმეში. მათ შორის, ისიც ნორმალურია, რომ პროტოკოლების უმეტესობა სწორედ უცხოეთიდან გაქვთ წაღებული და ადაპტირებული. ასე იზამდა ნებისმიერი საღად მოაზროვნე“, – ასე ეხმაურება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე  COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლის შესახებ დისკუსიას.

„იმ ფონზეც კი, როდესაც ტესტირების პერ კაპიტა რაოდენობით ჩამოვუვარდებით მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს და შესაბამისად ვერ აღრიცხავთ ყველა დაინფიცირებულ შემთხვევას, სიკვდილიანობა საქართველოში ნამდვილად დაბალია. ამიტომ თქვენი გამოცდილების გაზიარება სამეცნიერო სამყაროსთვის ფასდაუდებელი იქნება. აღწერილობითი (დისკრიფციული) კვლევის გაკეთებას დაახლოებით 2-3 დღე ჭირდება. ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება ვიცოდეთ პაციენტების სიმძიმე, ლაბორატორიული/რენტგენოლოგიური მაჩვენებლები, ასევე რამდენმა პაციენტმა მიიღო პლაქუენილი (სიმძიმის მიხედვით), დარუნავირ/რიტონავირი, სხვა ანიტივირუსულები და სტეროიდები, ასევე რამდენმა მიიღო კომბინაცია/მედიკამენტების კოქტეილი.

მე თავად ჯერ კიდევ ვსწავლობ ბევრ რამეს, მათ შორის, თქვენგან მინდა, რომ ვისწავლო კოლეგიალობა. ამიტომ გთხოვთ, რომ დისკუსია დავაბრუნოთ სამედიცინო წრეებში (თუნდაც საჯაროდ), თქვენი დაგროვილი გამოცდილება მეცნიერულ ჟურნალში დაბეჭდეთ, ისე როგორც ამას ყველა სხვა ქვეყანა აკეთებს, ჩვენ კი თქვენგან ვისწავლით. ძალიან გთხოვთ, ნუ გააპოლიტიზებთ მედიცინას ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში მაინც და ვისწავლოთ აგრესიის გარეშე ინფორმაციის გაზიარება. ჩვენს ხალხს ახლა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა აინტერესებს და არა ფეისბუქის პოსტების განხილვა“, – წერს მაჩაიძე.

***************

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი, (იგივე ინფექციური საავადმყოფო) ამერიკაში მომუშავე ქართველ ექიმს პასუხობს, რომელმაც თავის ფეისბუქპოსტში საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი გააკრიტიკა.

„თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი, რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი…

…პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო…

არ ავნო!!!…” – დაწერა ზურაბ გურულმა ფეიბუქზე.

პასუხად თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გამოაქცეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის რასაც გურული წერდა „არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს.“

„ძალიან ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილიკებენ და გვლანძღავენ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს“, – ამის შესახებ დღეს  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა. ის გამოეხმაურა სახელმწიფო გაიდლაინზე არსებულ კრიტიკას. მისი თქმით, ვისაც შენიშვნისა და რჩევის მიცემა უნდა, მივიდეს კლინიკაში, სადაც მათ მოუსმენენ და გასათავალისწინებელ რჩევებს გაიზიარებენ.