„სიმართლე COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლის შესახებ" - ცერცვაძე ზურაბ გურულს პასუხობს

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი, (იგივე ინფექციური საავადმყოფო) ამერიკაში მომუშავე ქართველ ექიმს პასუხობს, რომელმაც თავის ფეისბუქპოსტში საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი გააკრიტიკა.

„თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი, რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი…

…პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო…

არ ავნო!!!…” – დაწერა გურულმა ფეიბუქზე.

საპასუხოდ, ინფექციური სავადმყოფოს (რომელსაც პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:

„რასაც ბ-ნი ზურაბი წერს, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს…

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაციაა. ბ-ნი გურული ტყუის და თან უსინდისოდ. კერძოდ:

ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებშიდა ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ.

ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში მოყვანილია სტატისტიკაც, სადაც საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გადაგმული ნაბიჯები ეფექტიანობაზეა საუბარი, ამერიკასთან შედარებით.

„ცნობისთვის აშშ-ში, რომელიც საქართველოზე ეკონომიკურად შეუდარებლად უფრო ძლიერი ქვეყანაა და გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს, ა.წ. 20 აპრილისთვის COVID-19-ით 770,564 ავადმყოფია და მათგან 41,114 გარდაცვლილი (5,3%),ხოლო საქართველოში COVID-19-ით სულ 399 ავადმყოფია და მათგან მხოლოდ 4 გარდაცვლილი (1%).

სხვა გათვლებით აშშ-ში ყოველ მილიონ მოსახლეზეCOVID-19-ისგან 125 გარდაცვლილი ავადმყოფია,ხოლო საქართველოში ყოველ მილიონ მოსახლეზე – მხოლოდ 1 გარდაცვლილი. კიდევ სხვა გათვლით – საქართველოში 4 გარდაცვლილის ასაკი 73, 79, 81 და 86 წელია, მაშინ დროდესაც აშშ-ში ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილთა 20% არის 20-64 წლამდე ასაკის.

საინტერესოა, რით ახსნიან ამას ბ-ნი გურული და მისი თანამოაზრეები და ხომ არ სჯობს ბ-ნმა გურულმა თავისი „მდიდარი ცოდნა და გამოცდილება“ იმ ქვეყანაში მაჩვენებლების გაუმჯობესებას მოახმაროს, სადაც ის საქმიანობს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია:

„აქვე გვინდა ვუპასუხოთ ჩასაფრებული ადამიანების ერთ მოსალოდნელ რეპლიკას: – „რა, თქვენ აშშ-ს ედრებით და მასზე უკეთესები ხართ?“ – კატეგორიულად არა. აშშ ჩვენზე შეუდარებლად ძლიერი ქვეყანაა და ჩვენზე უკეთესი ჯანდაცვაც აქვს, მაგრამ კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის დაავადების კლინიკური მენეჯმენტი საქართველოში ბევრად უკეთესია და მთელი მსოფლიო ასე თვლის”.

განცხადებაში საუბარია ხსენებულ პრეპარატზეც:

„ახლა რაც შეეხება პლაქვენილის ავკარგიანობას.

არავის, მათ შორის არც ჩვენ არასდროს უთქვამს, რომ პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ იდეალური საშუალებაა. უბრალოდ, ჩვენც და მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა (შესაძლოა რემდესივირის შემდეგ) იმ 15-ზე მეტ მედიკამენტს შორის, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს და რომლებიც მართალია ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას. ჩვენს პროტოკოლშიც სიტყვა-სიტყვით ასე წერია. ამასთან ისიც წერია, რომ COVID-19-ის ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.

ჩვენ პლაქვენილს ჯერ კიდევ ა.წ. თებერვლიდან ვიყენებთ და როგორც შედეგებმა უჩვენა, წარმატებით.ჩვენი არჩევანის სისწორე „მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის“ (ბ-ნი გურულის სიტყვებით) გარდა, დაადასტურა აშშ FDA-ის ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც კვლევაში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია სწორედ პლაქვენილის გამოყენებას მისცა.

საინტერესოა, ბ-ნი გურული FDA-საც „უსუსურ“ და „იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურად გახრწნილ“ ინსტიტუტად მიიჩნევს? აღარაფერს ვამბობთ ბ-ნი ტრამპის ა.წ. 19 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც მან ყველას მოუწოდა COVID-19-ის სამკურნალოდ დაუყოვნებლივ დაეწყოთ პლაქვენილის გამოყენება. მართალია, ბ-ნი ტრამპი ექიმი არ არის, მაგრამ არ გვგონია, რომ მისი მრჩევლები მედიცინის დარგში ბ-ნ გურულზე ნაკლები კომპეტენციის არიან. პლაქვენილს ფართოდ იყენებენ აგრეთვე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დანია, ჩინეთი, იტალია და ბევრი სხვ.

რაც შეეხება პლაქვენილის შესაძლო ნაკლებ ეფექტიანობას, ჩვენ ბ-ნ გურულზე არანაკლებად ვიცნობთ იმ კვლევებსაც, რომელთა მიხედვით თითქოს არ დასტურდება პლაქვენილის მაღალი ეფექტი, მაგრამ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები (დადებითიც და უარყოფითიც) პრაქტიკულად ყველა იმ მედიკამენტზე კეთდება, რომელთა კვლევაც მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს.

ჩვენ აბსოლუტურად ყველა სიახლის საქმის კურსში ვართ და როგორც კი დაიდება სარწმუნო მონაცემები რომელიმე მედიკამენტის, მაგ. რემდესივირის, ან მკურნალობის რომელიმე ახალი მეთოდის სასარგებლოდ, გვერწმუნეთ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ სიახლეს დანერგავს და არც პლაქვენილზე უარის თქმა გაგვიჭირდება.

სხვათაშორის, ჯანმო სწორედ ახლა იწყებს ოთხი მედიკამენტის, მათ შორის რემდესივირის და იგივე პლაქვენილისდიდ მულტიცენტრულ კვლევას (Trial), რომელშიც საქართველოც მონაწილეობს და ესეც დაგვეხმარება მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევაში”. – წერია განცხადებაში.