ვესაუბრეთ ქართულ მხარეს სააკაშვილის დაკავებაზე და მივმართეთ, მასთან ჩვენი კონსული დაუშვან – უკრაინის საგარეო

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ სასაუბროდ უკრაინაში საქართველოს დროებითი რწმუნებული სანდრო თოფურია დაიბარეს.

უწყების ცნობით, თოფურიასგან მათ მიიღეს ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ და მიმართეს ქართულ მხარეს, რომ უკრაინის კონსული სააკაშვილთან შეუშვან.

„2 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეული იყო უკრაინაში საქართველოს დროებითი რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია.

დიპლომატმა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გარემოებების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი.

უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრული დაცვის აუცილებლობას. აგრეთვე, მიმართა ქართულ მხარეს, დაუშვას სააკაშვილთან უკრაინის კონსული სამართლებრივი და საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინის პრინციპულ პოზიციას, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, – ნათქვამია უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაში, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავებას დღეს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

„ბუნებრივია, ის არის ჩვენი მოქალაქე და შესაბამის მხარდაჭერას აღმოვუჩენთ.  საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ჩვენი მოწვევით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვა და მასთან ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ ვიცავთ უკრაინის ყველა მოქალაქეს, როცა ისინი განსაცდელში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისში „იმედგაცრუებულები არიან სააკაშვილის მიმართ მოქცევით“.

„სააკაშვილთან დაკავშირებით არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოქცევით.

ასე რომ, ჩვენ ველოდებით შესაბამის პასუხს, ასე ვთქვათ, გონივრულ პასუხს, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი სიტუაციას მუდმივად აკვირდება და ეს საკითხი უნდა გადაიჭრას.

„ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ფორმულა, როგორ გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან.