ვეტოს არანაირი საფუძველი არ არსებობს – პაპუაშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

პუბლიკა

„ყველა თანხმდება, რომ ინსპექტორის სამსახური გასამიჯნი იყო“, – ამის შესახებ პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან  განაცხადა.

როგორც მან საუბრისას აღნიშნა, ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„ვფიქრობ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში დისკუსია იყო საკმაოდ ინტენსიური და საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება ალბათ რამდენიმე რამეზე: ის, რომ ეს უწყება იყო გასამიჯნი, ამაზე მგონი ყველა თანხმდება, რომ უნდა არსებობდეს ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუცია და ცალკე ინსტიტუცია, რომელიც იმუშავებს იმ გადაცდომებზე თუ დანაშაულებზე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილი მუშაობდა. ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით, ასე რომ აქ ვეტოს არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – ამბობს პაპუაშვილი.

გუშინ, 30 დეკემბერს პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მიიღო. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

გუშინ, კანონპროექტის მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს.