ვფიქრობ, დაახლოებით თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს – ცერცვაძე

პუბლიკა

არ ვიცი [ეზუგბაიამ], რა იგულისხმა, არ მომისმენია. ეს მას უნდა ჰკითხოთ. იგულისხმა დიდი ალბათობით ის, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას. და თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება, მაგალითად, გრიპის დროს, მაშინ აღარც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება”, ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მარინა ეზუგბაიას განცხადებას ე.წ. აგრესიულ ტესტირებაზე.

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ თავად ასე ოპტიმისტურად განწყობილი ვერ იქნება. მას მიაჩნია, რომ საქართველო პიკს თვის ბოლოს მიაღწევს. მისივე თქმით, მოქალაქეები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება.

„თუმცა პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ იქნება მატება, სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს, შემდეგ იქნება პლატო და აი, შემდეგ შეიძლება, წავიდეს დაღმავალი გზით“, ამბობს ის.

ცერცვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გარკვეული მიზეზების გამო არ ტარდება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, ქვეყანამ ამის კონპენსირება მიზნობრივ ჯგუფებში ტესტირებით მოახერხა.

„გარკვეული კომპენსაცია, მასობრივი ტესტირების გაუკეთებლობის იყო ის, რომ ტესტირება შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც უკეთდებოდა მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. მხედველობაში მყავს პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ სიმპტომები, ჰქონდათ რისკის ფაქტორები ან ჰქონდათ კონტაქტი პაციენტთან, ინციფირებულთან ან სხვა… მართალია, ქვეყანაში ვერ ტარდებოდა მასიური ტესტირება, მაგრამ იმ რეგიონებში, საიდანაც სიგნალი მოვიდა, რომ ვიღაც გახდა ავად და შესაძლოა, დაწყებულიყო უკონტროლო გავრცელება, იქ მაშინვე მოხდა მასობრივი ტესტირება. მაგალითად, მარნეულსა და ბოლნისში. შესაბამისად, საქართველოში რომ კარგი მდგომარეობაა, განპირობებულია იმით, რომ შეზღუდული რესურსი და ტესტების მცირე რაოდენობა გამოიყენებოდა მაქსიმალური სარგებლით“, – ამბობს ცერცვაძე.


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რას უკავშირდება ის ფაქტი, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

„გუშინდელი დღე იყო, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა, წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება, ალბათ, უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.