ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას | NATO-ის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

პუბლიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მოამზადა.

რეზოლუციაში საუბარია რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევასა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ხიფათის შექმნაზე. აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიული მოქმედებების გამო NATO-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციაში გმობს რუსეთის მხრიდან მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ასევე, შავ ზღვაზე მოძრაობის თავისუფლების შეზღუდვას, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისა და „უგუნური, უპასუხისმგებლო ესკალაციის“ გამოწვევის მცდელობას.

„[NATO-ის საპარლამენტო ასამბლეა] გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო.

ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია მოუწოდებს NATO-ის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს, მხარი დაუჭირონ  საქართველოსა და უკრაინას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;

„გამოხატონ სოლიდარობა საქართველოსა და უკრაინაში ერთობლივი წვრთნების მასშტაბების გაზრდითა და მათი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელონ რუსეთის მიერ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიების დროებითი ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის დაგმობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

NATO-ის საპარლამენტო ასამბლეაზე რუსული გამოწვევის საპასუხოდ პოლიტიკურმა კომიტეტმა წარადგინა ახალი რეზოლუცია, რომელიც ასამბლეამ 11 ოქტომბერს დაამტკიცა.