„ვგმობთ სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ დაწყებულ ამაზრზენ ცილისმწამებლურ რუსულ კამპანიას“ - პენცენტრი

პუბლიკა

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გააგრძელოს რუსული კანონების მიღების მცდელობა და ამ გზით ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისთვის საბოტაჟის მოწყობა“, – ასე ეხმაურება საქართველოს პენცენტრი „სულაკაურის გამომცემლობის“ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

ქართული ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, 30 ივნისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას გაიმეორა პრორუსული ძალების და ტელევიზიების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. საქმე ეხება XVII საუკუნის ცნობილი მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარს, რომელიც თავისი შინაარსითა და მორალით არაფრით განსხვავდება ამავე ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ზღაპრებისაგან, როგორიცაა „წითელქუდა“, „ჩექმებიანი კატა“ თუ ბავშვებისთვის საყვარელი მისი არაერთი სხვა ტექსტი.

სამწუხაროდ, ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ხდება ბავშვებისთვის რაიმე უცხო ღირებულებების თავს მოხვევა. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა“, – წერია განცხადებაში.

საქართველოს პენცენტრი და წერილზე ხელმომწერი ადამიანები, მოუწოდებენ ხელისუფლებას, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს იმგვარ რუსულ ინიციატივებს, რომელთაც შეუძლია, შეაფერხოს და დააზიანოს საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ. მათი თქმით, ყველა საშუალებას გამოიყენებენ, რათა რუსეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადი გახდეს ქართველი ხალხისთვის.

„ჩვენ ვგმობთ სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ პრორუსული ძალების მიერ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გააგრძელოს რუსული კანონების მიღების მცდელობა და ამ გზით ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისთვის საბოტაჟის მოწყობა.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს სიფრთხილისაკენ, რათა არარსებული საფრთხეების წარმოჩენით მას არ მოჰპარონ საქართველოს და მის შვილებს ევროპული მომავალი, რომელიც უალტერნატივოა ამ ქვეყნისა და მისი მომავლისთვის და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

ვგმობთ რა სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ დაწყებულ ამაზრზენ ცილისმწამებლურ რუსულ კამპანიას, ვაცხადებთ, რომ ყველა, როგორც ერთი, დავიცავთ ნებისმიერ გამომცემელს, მწერალს, ნებისმიერი სფეროს ხელოვანსა თუ ინსტიტუციას, რომლის გაჩუმება ან განადგურებაც ენდომებათ რუსეთს და მის მსახურებს. ასევე ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა რუსეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადი გახდეს ქართველი ხალხისთვის და ის სრულად იყოს ინფორმირებული იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოს სახელმწიფოს, მსგავსი რუსული კამპანიებისა და ინიციატივების გამო ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ლიტერატურული სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს.


27 ივნისს, სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე ქალი „დედების სახელით“ მიუვარდა და თანამშრომლები „ლგბტ პროპაგანდაში” დაადანაშაულა.

30 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულაკაურის გამომცემლობა ე.წ ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, როდესაც ბავშვებში „ლგბტ პროპაგანდაზე“ გამოთქვამდა შეშფოთებას და ამის საილუსტრაციოდ „მაკდონალდსი“ და სულაკაურის გამომცემლობა დაასახელა.

„ქართულმა ოცნებამ“ პროპაგანდა ააგო შარლ პეროს მე-17 საუკუნის ერთ-ერთ ზღაპარზე, რომელიც გამომცემლობამ, დაახლოებით, 10 წლის წინ თარგმნა და დღეს გაყიდვაშიც აღარ არის, რადგან სრულად ამოყიდულია.

„მიუღებელია ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები, სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე, ვფიქრობ, საგანგაშო ფაქტი, ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი“, – თქვა ღარიბაშვილმა.