ვინ ექვემდებარება კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას – პრიორიტეტულ პირთა განახლებული ნუსხა

პუბლიკა

სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა პანდემიის დაწყებიდან დღემდე რამდენჯერმე გაფართოვდა და დღესდღეობით მთავრობის შესაბამისი განკარგულების ბოლო განახლება სექტემბრით თარიღდება.

ბოლო განახლების მიხედვით, პრიორიტეტულ პირთა ნუსხას დაემატა ორსული ქალები.

აღნიშნული პრიორიტეტული პირების ტესტირებას სახელმწიფო აფინანსებს. დღემდე ჩატარებული ტესტირების რაოდენობაა 9 786 147; ბოლო 24 საათში 25 385 ტესტი გაკეთდა, მათ შორის – 15 522 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 863 PCR ტესტით.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის განკარგულების დღეს მოქმედი, საბოლოო ვერსიის მიხედვით, სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან:

ორსული ქალები – ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით გათვალისწინებული რვა ანტენატალური ვიზიტისას PCR მეთოდით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები. სრულად ვაქცინაციის (2 დოზა) შემთხვევაში ყოველ 14 დღეში ერთხელ, PCR მეთოდით. არასრულად ვაქცინირებულები (1 დოზა) ან აუცრელი პირები ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ.

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ანსასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით).

სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები) მომუშავე პირები – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით.

ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირები – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირები (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა) – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

სპორტულ/სავარჯიშო დარბაზებსა და საცურაო აუზებზე დასაქმებული პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 50%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

აზარტული და მომგებიანი თამაშის მომსახურების დაწესებულებაში დასაქმებული პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 50%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში მომუშავე პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 20%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

თეატრებსა და პროფესიულ ანსამბლებში მომუშავე პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 20%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეები, ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსის (მ. შ. უცხო ქვეყნის დიპლომატები) წარმომადგენლები, ასევე ჩამოთვლილ პირებთან მომუშავე და დამხმარე პერსონალი;

კიდევ ერთი დიდი ჯგუფია სამედიცინო პერსონალი, მათ შორის:

სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები;

სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურების თანამშრომლები;

ნებისმიერი სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჩართულია სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო სერვისების მიწოდებაში, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, სოფლის ექიმისა და ექთნის ჩათვლით;

ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში: მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი; ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე;

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე ბავშვთა სახლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში, ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებში:

ჩარიცხული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი; ჩასარიცხი ბენეფიციარები, მომსახურებაში განთავსებამდე; მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს; მომსახურებიდან არდადეგების დროს გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;

ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები;

საქართველოში შემოსული, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ის პირები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინე სივრცეებში და მათი მომსახურე პერსონალი:

საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები;

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი;

ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი;

სტაციონარულ (მ. შ., დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები, სიმპტომების მიუხედავად;

სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მსახურები (რელიგიური წარმომადგენლობის მიუხედავად);

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისა და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის „144“-ის თანამშრომლები;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმღებსა და დროებითი განთავსების ცენტრებში: მოსათავსებელი უცხოელები – დაუყოვნებლივ; მოთავსებული უცხოელები და მომსახურე პერსონალი – 14 დღეში ერთხელ; კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დადასტურების შემთხვევაში, კონტაქტში მყოფი უცხოელები და სხვა მომსახურე პერსონალი – 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად, მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელების ოპერაციული შტაბისადმი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები:

ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით), რომელიც მოიცავს ექიმის კონსულტირებას;

დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით.

უფრო დეტალური სია და ტესტირების წინაპირობები იხილეთ ბმულზე.