ვინც ჰოსპიტალში ხვდება, 98% აუცრელია. უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით,  ინფიცირებული პირების უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის.

„დღეს სტატისტიკა გვეუბნება, რომ ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. ასევე,  იმ პირების უდიდესი ნაწილი, ვინც ჰოსპიტალში ხვდება, ასევე არ იყო აცრილი. როდესაც ვამბობ უდიდესი ნაწილი, ეს არის დაახლოებით  98% და უფრო მეტი.  ასევე, რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება. უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს რეალურად როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და კიდევ უფრო მეტად გარდაცვალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია DELTA შტამის ასეთი საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში“, -აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელდა 1298 პაციენტი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში ფიქსირდება – 920, იმერეთში – 700, კახეთში – 586, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 315.

ქვეყანაში 34 394 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

დადებითობის ბოლო 7 დღის მაჩვენებელია – 8.75%; ბოლო 14 დღის მაჩვენებელია – 7.58%.

ბოლო 24 საათში 3 843 აცრა ჩატარდა.