ვიქტორ იუშჩენკოს მიმართვა ქართველ ხალხს | წერილს ენმ ავრცელებს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მიმართვას ქართველი ხალხისადმი.

წერილში ვიქტორ იუშჩენკო აღნიშნავს, რომ მისი სათქმელი უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

„მინდა, ჩემი პოზიცია და ლოგიკა გაგაცნოთ, მაგრამ მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად.

2003 წელს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია. კურსი, რომელმაც თქვენი ერი მალევე მიიყვანა სამართლიან არჩევნებამდე, თავისუფალ ჟურნალისტებამდე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებამდე. თქვენს ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრება უსაფრთხო გახდა. გაქრა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. თქვენს სახლებში ელექტროენერგია და სითბო უკვე რეგულარულადაა.
მოკლედ, საქართველო შეიცვალა, მთელი მსოფლიოსთვის გაიხსნა – აქ მილიონობით ტურისტი ჩამოვიდა, რომლებსაც საქართველო შეუყვარდათ.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ საქართველო ნაწილობრივი ოკუპირება მოახდინა. რუსეთს არ სჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და, რაც მთავარია, წარმატებული საქართველო. არც იმ დროს და არც ახლა. მაშინ, როდესაც ოკუპანტი თქვენი დედაქალაქიდან 20 ან 30 კილომეტრში იყო, მე, პრეზიდენტ კაჩინსკისთან, პრეზიდენტ ადამკუსთან, ესტონეთის პრეზიდენტთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად თბილისის მოედანზე, პარლამენტის წინ ვიდექი.

ყველა ეს მოვლენა, რაც მოვყევი, იყო არაერთი ადამიანის ოცნება, არამედ ქართველი ერის ამბიცია და მან წარმატებას მიაღწია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება. მინდა, რამდენიმე პოზიციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ საქართველო არ შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში. რომ საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია.
დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას“, – წერია ვიქტორ იუშჩენკოს წერილში, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.