ვისაც საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავია, არ დავუპირისპირდები - გამყრელიძე

პუბლიკა

„ეს თემა მოხსენით, რომ მე ვინმეს ვუპირისპირდები ან ვინმე მე მიპირისპირდება”, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა მას სავალდებულო ვაქცინაციაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განსხვავებული პოზიციის შესახებ ჰკითხა: „ისევ უნდა გკითხოთ თქვენსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაზე, თქვენ ადრეც საუბრობდით ვაქცინის სავალდებულოობაზე, რატომ ვერ მოახერხეთ პრემიერის დარწმუნება, რა არის მისი მთავარი არგუმენტი”.

„ამირან გამყრელიძე არავის არასოდეს უპირისპირდება, მით უმეტეს იცით, რომ მე პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ხანია, არ ვაკეთებ და მით უმეტეს პოლიტიკურ პიროვნებებსა და ადამიანებს, ვისაც საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავიათ, მე მათ არ დავუპირისპირდები. ამიტომ, ეს თემა მოხსენით, რომ მე ვინმეს ვუპირისპირდები ან ვინმე მე მიპირისპირდება. 

საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის კოლეგიალური ორგანო, იმიტომ არის მულტისექტორული, რომ იქ თავისუფლად გამოთქვამს ყველა თავის მოსაზრებას, 

მე მაქვს საკმაო გამოცდილება – საექიმო, სამეცნიერო, პედაგოგიური, ყველანაირი და მე ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ და ვაზიარებ. ეს არის ამირან გამყრელიძის მოსაზრება, ერთი ჩვეულებრივი ექიმის, რომელსაც დღეს სერიოზული პოზიცია და თანამდებობა უკავია… პიროვნულ [განხილვებში] არასდროს გადავალ”, – განაცხადა გამყრელიძემ. 


ამირან გამყრელიძემ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ მომხრე იქნებოდა აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების.

„ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას”, – აღნიშნა მან.

იმავე დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ: „მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას”.