ვიწვევთ ევროკომისიას საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებისთვის - ევროპული საბჭო

პუბლიკა

ევროპული საბჭო ევროკავშირის ლიდერების მიერ ვერსალში გამართული სამიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებებზე მოსაზრების წარსადგენად ევროკომისია მოიწვიეს.

ევროპული საბჭო თავის განცხადებაში მოითხოვს რუსეთისგან, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, გაიყვანოს თავისი ჯარი და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული მომავალი.

გთავაზობთ ევროპული საბჭოს განცხადებას სრულად:

1. ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, გაეროს წესდებას, ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ის ენით აღუწერელ ტანჯვას აყენებს უკრაინის მოსახლეობას.

ამ აგრესიულ ომზე პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი რუსეთსა და მის თანამზრახველ ბელარუსზეა და მათ, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა, პასუხიც მოეთხოვებათ თავიანთ დანაშაულზე, მათ შორის, სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღების გამო. ამ მხრივ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყებას მივესალმებით.

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუყოვნებლივ, უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან. სრული პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

2. ჩვენ ვაქებთ უკრაინელი ხალხის თავდადებას ქვეყნისა და ჩვენი საერთო ღირებულებების – თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ მათ არ დავტოვებთ მარტო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, მას შემდეგ რუსეთის სასტიკი თავდასხმა შეწყდება. ჩვენ მოწადინებულები ვართ, უფრო მეტადაც გავზარდოთ ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. ჩვენ შემოვიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და მზად ვართ, სწრაფად გადავიდეთ შემდგომ სანქციებზე.

3. უთვალავი ადამიანი გაურბის ომს უკრაინაში. ჩვენ ვთავაზობთ დროებით დაცვას ომს გამოქცეულ თავშესაფრის ყველა მაძიებელს უკრაინიდან. ჩვენ ვაფასებთ ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი უკრაინის მოსაზღვრეებს, რადგან მათ გამოავლინეს უდიდესი სოლიდარობა ომს გამოქცეული თავშესაფრის მაძიებელი უკრაინელების მასპინძლობაში.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას და ჰუმანიტარულ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას თავშესაფრის ყველა მაძიებელისა და მათი მასპინძელი ქვეყნებისთვის.

მოვუწოდებთ, რომ შესაძლებელი გახდეს ფინანსების სწრაფად, გადაუდებლად გამოყოდა CARE-სა და ReactEU-ს მეშვეობით.

მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებული პირთათვის უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოს, უსაფრთხოდ გასვლის შესაძლებლობა მიეცეს მშვიდობიანი მოსახლეობას, ვისაც წასვლა სურს.

4. ევროპულმა საბჭოს აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და მისი ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებაშია აღნიშნული. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ჰქონდა რა უკრაინას უფლება, აერჩია საკუთარი მომავალი, წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

საბჭომ იმოქმედა სწრაფად და მოიწვია კომისია, რათა მას დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება ამ განაცხადთან დაკავშირებით, ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებებით.

ამის მოლოდინში და დაუყოვნებლივ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირსა და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპულ გზაზე. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

5. ევროპულმა საბჭომ მოიწვია ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებებზე მოსაზრებების წარსადგენად.