პენელი VOA-თან არჩევნებზე, USAID ტრენინგებსა და EU-ის რეკომენდაციებზე საუბრობს

პუბლიკა

USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელიმ Voice Of America-თან ინტერვიუში USAID-ის მხრიდან საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილ წვლილზე, სააგენტოს საქმიანობასა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

პენელი შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციისა და ცხრა პუნქტის შესრულების საკითხებს და ისაუბრა, თუ როგორ ეხმარება USAID საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობასა და USAID-ს შორის მოქმედებს ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება, რომელიც ასახავს ორგანიზაციის პროგრამულ აქცენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმას, თუ როგორ მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და მთავრობასთან, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. ამ პროცესის ნაწილში ხდება იმ სფეროების იდენტიფიცირება, რომელზე მუშაობასაც USAID აპირებს.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის ცხრა პუნქტს, ჯონ პენელის თქმით, მიდის მუშაობა იმაში დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში, მოგვარდეს კანონის უზენაესობისა და სასამართლო სექტორში არსებული საკითხები, ხელი შეუწყონ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მანიპულაციის თავიდან აცილებას.

„ეს სფეროები მოითხოვს კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთობლივ მუშაობას. ეს მიმდინარე პროცესებია, რომელთაგან ბევრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდეც მიმდინარეობდა. ამაში ვართ ჩართული და ამ მიმართულებებში შეერთებული შტატების მთავრობის სხვა ნაწილებიც აგრძელებენ ჩართულობას“, – აღნიშნავს პენელი VOA-თან ინტერვიუში.

ჯონ პენელიმ ასევე ისაუბრა მომავალი არჩევნების საკითხზე და აღნიშნა, რომ USAID-ს აქვს ძლიერი საარჩევნო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარის დახმარებაზე, რათა თავად პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

„ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე. ასე რომ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების ადმინისტრირების შესაძლებლობის დასახვეწად, განსაკუთრებით ახალი ელექტრონული ხმების დათვლის გათვალისწინებით, რაც ამ არჩევნებზე მოხდება“, – აღნიშნავს პენელი.

მისი თქმით, ორგანიზაცია ასევე მუშაობს ამომრჩეველთა განათლების პროგრამის ჩაშვებაზე, რათა ამომრჩევლებმა ზუსტად იცოდნენ, რა არის ეს პროცესი.

„ასევე მუშაობთ საარჩევნო უბნების თანამშრომლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ თუ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს რაიმე კითხვა ექნება მათ იცოდნენ, როგორ გასცენ პასუხი ამომრჩეველს. ვმუშაობთ როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სადამკვირვებლო ჯგუფებთან საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე“, – ამბობს პენელი.

პენელის თქმით, „გლობალური დახმარების პოლიტიკის“ ფარგლებში, ორგანიზაცია ასევე მუშაობს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიმართულებით.

„მათი სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს ვეხმარებით პლატფორმის შემუშავებაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმაში, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობა ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტთან, რათა რეალურად შეეცადონ შექმნან უფრო ძლიერი დემოკრატიული გარემო იმისთვის, რომ ინდივიდუალურ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის სპექტრი“, – აღნიშნა USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა.

ჟურნალისტის კითხვა ასევე შეეხო USAID-ის ტრენინგების საქმეს. კითხვაზე, თუ რა სახის ტრენინგები ტარდება პოლიტიკური პარტიების თუ პოლიტიკური აქტივისტების დასახმარებლად და რას აკეთებს ორგანიზაცია იმ შემთხვევაში, როდესაც მთავრობა შეიძლება არ ეთანხმებოდეს პროგრამების ან ტრენინგის მიმართულებას, პენელი აღნიშნავს, რომ ორმხრივი დახმარების შეთანხმებაში ასახულია ისიც, თუ ვის რა თანხით აფინანსებენ და რა სახის სამუშაოს ეწევიან. ამასთან, მთავრობას კვარტალში ერთხელ აწვდიან განახლებულ ინფორმაციას თითოეულ პროექტზე და რეგულარულად ხვდებიან, რათა განახლებული ინფორმაცია მიეწოდოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ინკლუზიური ყველა მხარის მიმართ, ვისთანაც ვმუშაობთ. ეს არ არის მხოლოდ მთავრობა, არამედ ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ბიზნესასოციაციების წევრები, კერძო სექტორი და ა.შ., გამომდინარე იქიდან, თუ რა კონკრეტულ პროექტებზე ვმუშაობთ.

როდესაც უთანხმოება გვაქვს, ვსაუბრობთ პირისპირ და ვცდილობთ კონსენსუსის მიღწევით, ვითარება გამოვასწოროთ. ვიტყოდი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. თუ არის მომენტები, როდესაც დამატებითი დისკუსია გვჭირდება იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ ამის გაკეთებას. ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც შედარებით მალე ვგეგმავთ არის მინისტრის მოადგილეების დონეზე შეხვედრები ჩვენი ყველა პროგრამის შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად. მოგეხსენებათ, ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდა და ამიტომ ველოდებით საბოლოო დანიშვნებს და შემდეგ მათ სიამოვნებით მივაწოდებთ უახლეს ინფორმაციას იმაზე, თუ რას ვაკეთებთ“, – აღნიშნავს პენელი.


ცნობისთვის, 2023 წლის შემოდგომაზე უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებდა ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს.

უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრენინგებს გადატრიალებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.  მათი თქმით, ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის გაეცნო მიდგომები – კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობების შესახებ, ასევე არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების კუთხით.