კახა წიქარიშვილის შეფასებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ, რომლის მიხედვითაც წიქარიშვილი იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრად უნდა დანიშნულიყო, არის „სისტემის რეაქცია“ მის დანიშვნასთან დაკავშირებით. წიქარიშვილის თქმით, ის მოელოდა საწინააღმდეგო ღონისძიებას „სასამართლოში არსებული კლანის მხრიდან“.
„მე მოველოდი, რომ რაღაც საწინააღმდეგო ღონისძიება იქნებოდა მიღებული სასამართლოში არსებული კლანის მხრიდან, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა მეთოდი იქნებოდა მე არ ვიცოდი და ესეც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად არის სისტემის რეაქცია ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ერთ დღეში, განცხადების შეტანიდან რამდენიმე საათში განკარგულების შეჩერება, იმ დროს, როდესაც სასამართლოში საქმეები თვეები და წლები ჭიანურდება და ვერ იცლიან ხანდახან თვეების განმავლობაში, გადახედონ საქმეებს, ეს თავისთავად მეტყველებს, რომ სისტემა ძალიან სწრაფად რეაგირებს თავის დასაცავად. მე მგონია, რომ ეს არის სისტემის მიერ თავის დასაცავად გადადგმული ნაბიჯი,“ – განაცხადა წიქარიშვილმა „დღის ამბებში“ დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას.
სარჩელის საფუძველთან დაკავშირებით, წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე თვლის, რომ კონკურსის დროს დაირღვა მიუკერძოებლობის პრინციპი.
„რაც შეეხება სარჩელის საფუძველს, მე ზეპირად გავეცანი პრეზიდენტის აპარატის მხრიდან, რა არის საფუძველი, როგორც გადმომცეს სარჩელის საფუძველი არის ის, რომ კონკურსის დროს დარღვეულ იქნა მიუკერძოებლობის პრინციპი. ანუ კომისიის წევრი ბესო ლოლაძე, რომელიც არის დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, მან არ აიცილა კომისიაში მონაწილეობა, ასევე, ნონა ქურდოვანიძეზე არის ყურადღება გამახვილებული, რომ მე წარმადგინა საია-მ 2013 წელს და შესაბამისად, ნონა ქურდოვანიძესაც ეს უნდა აეცილებინა და მესამე საფუძველი, როგორც ვიცი არის ის, რომ კომისიამ არ დამისვა შეკითხვები ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, განსხვავებით სხვა კანდიდატებისგან,“ – ამბობს წიქარიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 15 ივლისს დანიშნა.
სასამართლოს ცნობით, დღეს, 2024 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი, მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მანუჩარ კაკოჩაშვილს თავადაც სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობა და შესაბამის კონკურსშიც მონაწილეობდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საქალაქო სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება შეაფასა, როგორც უპრეცედენტო მოვლენა, სასამართლო ხელისუფლების პირდაპირი და უკანონო ჩარევა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში.