წყლის ჭავლი საჭირო იყო, აბა რით უნდა დაგვეშალა – ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით? – გომელაური

პუბლიკა

„წყლის ჭავლი საჭირო იყო. აბა, რით უნდა დაგვეშალა – ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით? დაგვეკეტა გზები და გვეცემა ადამიანები? რაც მოხდა 7 ნოემბერს, 26 მაისს, ასე უნდა დაგვეშალა? რაც საჭირო იყო, მშვიდობიანად მოხდა დაშლა. ძალის გადამეტება არ მომხდარა. თუ თვლიან რომ იყო, შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას, სახალხო დამცველს, სხვადასხვა უწყებას“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„სამი ადამიანი რომ დაშავდა, სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, წყლის ჭავლი თვალში რომ შეესხა ადამიანს. ხელი ეტკინა ერთს იქ შეჯახებაში, ერთმანეთთან ჭიდაობაში. რა დღეში იყვნენ, კი ხედავდით, ერთმანეთს ახტებოდნენ, სამწუხაროდ, და აწვებოდნენ, რომ ძალა გამოეყენებინათ პოლიციის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენთან საქართველოში პოლიცია თუ ფარით მიაწვება, ეს არის კანონდარღვევა.

თუ პოლიციელს ხის ნაჭერი ან ქვა მოხვდება,  მიიღებს დაზიანებებს, ეს მიაჩნიათ ჩვეულებრივ მოვლენად. ამ დღეებში პარლამენტის უკანა მხარეს მედიის ყველა კამერა მუშაობდა. მუშაობდნენ დრონები – პარლამენტის უკან პირველად რომ მოუწოდეს, დაიშალეთო, რა მოხდა შემდეგ, ხომ ყველამ ნახეთ. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ვერ ხედავთ პოლიციაზე ძალადობას. ხედავთ მხოლოდ, პოლიცია თუ მიაწვება ელემენტარულად და გაწევს ხალხს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.