„ყვირილა მძიმე ლითონებითაა დაბინძურებული და მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში ხვდება“ | კვლევა

პუბლიკა

„დადგინდა, რომ მდინარე ყვირილა და მისი შენაკადები მძიმე ლითონებით საგრძნობლადაა დაბინძურებული. მავნე ნივთიერებები კი მდინარიდან ნიადაგში, ნიადაგიდან მცენარეებში, ასევე ადამიანების და ცხოველების ორგანიზმში ხვდება“, – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა.

ჭიათურაში მდინარე ყვირილას დაბინძურება და მისგან გამოწვეული უარყოფითი ეკოლოგიური შედეგები „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“, „ჭიათურის ეკოლოგიურმა კლუბმა“, „ჭიათურის მეთევზეთა კლუბმა“ და „მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითმა პლატფორმამ“ იკვლია.

კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი მონიტორინგის რეალური მექანიზმის არარსებობის პირობებში, აშკარაა უმძიმესი ეკოლოგიური შედეგები, რაც არაერთხელ გააპროტესტა ადგილობრივა მოსახლეობამ, თუმცა ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბურობა სახელმწიფოს მიერ გარკვეულწილად კვლავ უგულებელყოფილია.

ამ უგულებელყოფის საწინააღმდეგო არგუმენტად კი, კერძო კომპანიები თუ სახელმწიფო უწყებები ხშირად კვლევების შედეგების ხანდაზმულობას და არსაკმარის სინჯებს ასახელებენ.

კვლევის ავტორების მიხედვით, სწორედ მდინარე ყვირილას დაბინძურების ხარისხის შესწავლა იყო მათი მიზანი.

ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა, რომ მდინარე ყვირილა და მისი შენაკადები მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოებიდან მძიმე ლითონებით საგრძნობლად ბინძურდება. მავნე ნივთიერებები ხვდება როგორც ნიადაგში, ასევე ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში. მნიშვნელოვანი ზიანი ადგება იქტიოფაუნასაც.

შესაბამისად, ადამიანის კვებით ჯაჭვში ეს მძმე მეტალები გროვდება და ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

„მდინარეები, ძირითადად, მანგანუმით, რკინითა და ტყვიით არის დაბინძურებული, საკვლევ არეალში ყველაზე მაღალი დაბინძურება მდინარე ბოგირისწყალზე აღებულმა სინჯებმა აჩვენა.

გარდა ჩამოთვლილი მეტალებისა ამ სინჯებში ზღვრულად დასაშვებ 21 ნორმას ნიკელის, კობალტისა და თუთიის კონცენტრაციაც აღემატება. ამ უკანასკნელი ელემენტების კონცენტრაცია მდინარე ბოგირისწყლის მდინარე ყვრილიასთან შეერთებით ზავდება და საბედნიეროდ დინების მიმართულებით იკლებს, რასაც ვერ ვიტყვით მანგანუმზე, რკინასა და ტყვიაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მართალია, ჩანს ტყვიით მდინარეების დაბინძურებაში მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოები მონაწილეობენ, თუმცა სინჯებიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ შესაძლოა, მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოების გარდა, დამატებით დბინძურების სხვა წყაროებიც იყოს.

ამიტომ, ანგარიშში ნათქვამია, რომ მდინარე ყვირილასა და მის შენაკადებში ტყვიის კონცენტრაციაზე დამატებით კვლევებია ჩასატარებელი, რათა გამოვლინდეს დამატებითი დაბინძურების წყაროები და კიდევ ერთხელ დამოწმდეს არსებული მოცემულობა. ამასთან, კვლევის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ გადადგას ნაბიჯები ჭიათურაში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად.

„აუცილებელია, სახელმწიფომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“, იმ ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, რომლებიც მანგანუმის გამამდიდრებელ ფაბრიკებს ფლობენ, მიიღოს შესაბამისი ზომები, დააყენოს სპეციალური გამწმენდი დანადგარები და გაწმინოდს მდინარე მავნე ნივთირებებისაგან“, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მზად არიან ამ პრობლემის მოგვარების პროცესში თავადაც ჩაერთონ და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე მოუწოდებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ჭიათურის დაბინძურების მოკვლევის მიმართულებით.