ზურაბ ზვიადაურმა, საპროცესოს პირობების მიხედვით, ციხე მარტში დატოვა

პუბლიკა

იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების საქმეზე მსჯავრდებულმა ზურაბ ზვიადაურმა, საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, ციხე მარტში დატოვა. ინფორმაციას გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. გამოცემა ზვიადაურის ადვოკატს, მაგდა კოტრიკაძეს ესაუბრა.

მაგდა კოტრიკაძემ გამოცემას – „მთავარი ამბები კახეთიდან“ – დაუდასტურა, რომ ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად დატოვა.

ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. ნოემბერში მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 6-თვიანი პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად 5000-ლარიანი ჯარიმა.

ზურაბ ზვიადაურს ბრალდებულის სტატუსი აქვს წლების წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზეც. კერძოდ კი, 2021 წლის 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ხუთი პირი, მათ შორის სამი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური მკვლელობის, ერთი პირი – ჯაბა ჯანგირაშვილი კი, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს. ზვიადაური გირაოს სანაცვლოდაა თავისუფალი.

აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ დამდგარა. ზვიადაურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათი შერჩევის პროცესი კი კვლავ მიმდინარეობს.