„ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - თინა ბოკუაჩავა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებასაც არ აპირებდა და სააკაშვილის შეწყალება არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი.

„სალომე ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, რომლებიც შეიწყალა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება. ეს იქნება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. რომლებიც უნდა მივიდნენ არჩევნებზე და რომლითაც დასრულდება პოლიტიკური დევნა საქართველოში. დასრულდება სიძულვილი, შურისძიება, დაპირისპირება ძალადობა და ქვეყანა შეძლებს, რომ წავიდეს წინ და ამ ყევლაფრის ავანგარდში, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენთან ერთად პრეზიდენტი სააკაშვილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


გუშინ, 1 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გავრცელა და აღნიშნა, რომ მას არასოდეს შეიწყალებს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.