ზურაბიშვილი: თუ საქართველოს დღეს ვერ დავიცავთ, შეიძლება ხვალ განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

მან 9 აპრილზე, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობაზე ილაპარაკა. ასევე, მან გააკრიტიკა ევროკავშირი საქართველოს მოვლენებზე სუსტი რეაქციისთვის.

„ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან გაიხსენა 1989 წლის 9 აპრილს რუსული ჯარის მიერ საქართველოს იმ მოქალაქეების დახოცვა, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ და ჩეხეთის სენატის დეპუტატებს 9 აპრილის მსხვერპლთა პატივისცემისა და ქართველი ახალგაზრდების სოლიდარობის ნიშნად წუთიერი დუმილის დაცვა სთხოვა.

დეპუტატები ასეც მოიქცნენ.

წუთიერი დუმილის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა თქვა:

„მაგრამ ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან. უკვე 140 დღეზე მეტია, ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე საშიშ რაღაცას – ჩუმ სახელმწიფო გადატრიალებას დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”.

მე-5 პრეზიდენტის თქმით, ახლა რუსეთი საქართველოს შეცვლას ცდილობს არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით ცდილობს.

მან ილაპარაკა დემონსტრანტების დაპატიმრებასა და მათზე ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე, FARA-სა და სხვა კანონებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება” ამტკიცეს.

„ჩვენ ახლოს ვართ 1937-თან”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში არც დამოუკიდებელი ინსტიტუტები არსებობს და რომ სასამართლოს „ოცნება” დეპრესიებისთვის იყენებს.

„ბოლო თვეებში სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება არ შეწინააღმდეგება პროკურატურის მოთხოვნებს.

ერთი ადამიანი გვმართავს და რუსული სტილის ავტოკრატია მყარდება ოდესღაც იმედისმომცემ ევროპულ დემოკრატიაში, რუსეთის ჩრდილქვეშ.

და მაინც, ევროკავშირიდან ამაზე რეაქცია ძალიან ხმადაბალია”. – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქვეყანას, რომელსაც 1 წლის წინ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, დღეს რუსული ორბიტისკენ მიათრევენ.

მე-5 პრეზიდენტის შეფასებით, „საქართველო იქცა ავტორიტარული ტაქტიკების საცდელ ველად, ევროპული რეაქცია კი არ შეესაბამება იმ სიმძიმეს, რაც ხდება”.

„ეს არ არის უბრალოდ ქართული პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ევროპული გამოწვევა.

თუ საქართველოში შესაძლებელი გახდა დემოკრატიის გაუქმება ერთ წელიწადში 30-წლიანი მხარდაჭერის შემდეგ როგორც ქართველი ხალხის, ისე EU-ის და აშშ-ის მხარდაჭერის, აშენდეს თავისუფალი სასამართლო და სამოქალაქო საზოგადოება, რას ამბობს ეს დემოკრატიის წინააღმდეგობის გაწევის უნარზე. ასეთი ადვილი უნდა იყოს დემოკრატიის დანგრევა? თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ჩვენ ვუშვებთ მესიჯს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები მყიფეა და ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ მათი მოშლა.

ქართველი ხალხი მზადაა, ამას შეეწინააღმდეგოს”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკური გამოწვევაცაა.

„საქართველო არ არის უბრალოდ პატარა ქვეყანა. ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი ვართ და სტრატეგიული ჯაჭვის მთავარი რგოლი, რომელიც, პირველ რიგში, მოიცავს შავ ზღვას, რომელსაც ასევე საფრთხე ემუქრება უკრაინის ნაირებზე, სამხრეთ კავკასიას – სომხეთის მყიფე მშვიდობა და მისი ახალი გზა ევროპისკენ და ევროპის ახალ დამაკავშირებელ გზას ცენტრალური აზიის ენერგეტიკული რესურსებისკენ.

თუ საქართველო გახდება ავტორიტარული და მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ, ეს დაასუსტებს ევროპის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ პოზიციებს ამ მნიშვნელოვან რეგიონში.

მომეცით საშუალება, ვიყო პირდაპირი – თუ ევროკავშირი ვერ დაიცავს იმ ღირებულებებს, რომლის ხელშესაწყობადაც ათწლეულები მუშაობდნენ ისინი, თუ ის ვერ უპასუხებს მკაფიოდ ერთ პატარა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, თუ ვერ უზრუნველყოფს მკაფიოობას ქვეყანაში, რომელსაც იტაცებს კორუმპირებული ელიტა და რუსული გავლენები, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ევროპული საგარეო პოლიტიკა რისკის ქვეშაა და ასევე იქნება მისი ახალი თავდაცვის დღის წესრიგი. თუ არ იქნება მოქმედების ნება, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების სურვილი, ეს ნიშნავს, რომ ევროპის სტრატეგია მხოლოდ ქაღალდზეა და მას რეალური ძალა არ აქვს”. – თქვა ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, რუსეთი ამ ყველაფერს აკვირდება და შემდეგ ნაბიჯებს გეგმავს.

„რაც რუსეთს არ გამოუვიდა ტანკებით 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში წამოწყებული უკანასკნელი ომით, ახლა ცდილობს, ამას ჰიბრიდული გზით მიაღწიოს და ჩუმად დაიპყროს საქართველო. საქართველოში ახლა ეს ხდება. ეს მიდგომა არ საჭიროებს არმიას. მხოლოდ სამი ინგრედიენტია საჭირო:  არჩევნებში მანიპულაცია, პროპაგანდა და დეზინფორმაცია და ოლიგარქი, რომელიც შიგნიდან მიიტაცებს სხვადასხვა ინსტიტუტს.

თუ რუსეთი ვერ შეძლებს, სამხედრო გამარჯვება მოიპოვოს და ის ვერ იმარჯვებს უკრაინაში, ის ეცდება, პოლიტიკურად გაიმარჯვოს უკრაინის მომავალ არჩევნებში მანიპულაციით და საზოგადოების ნდობის ძირის გამოთხრით, საზოგადოების დაყოფით და კიევის შიგნიდან დაყოფით, როგორც ეს საქართველოში გააკეთა.

საქართველო არის საცდელი ველი. თუ ეს ჰიბრიდული სტრატეგია საქართველოში წარმატებას მიაღწევს, ის შესაძლოა გამოიყენონ ევროპაში ნებისმიერ ადგილას. იმიტომ, რომ ეს სტრატეგია ჩუმია, იაფია და ჯერჯერობით, სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია”.

სალომე ზურაბიშვილს ვითარებიდან გამოსავლად შემდეგი რამ ესახება: 

„ევროპამ უნდა იმოქმედოს ახლავე, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური კონტრ-სტრატეგიით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა უნდა შემოგვთავაზონ ელექტორალური დაცვა – ჩვენ მოვითხოვთ ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მაგრამ ამას შედეგი არ ექნება, თუ არ გვექნება ახალი ინსტრუმენტები არა მხოლოდ დაკვირვებისთვის, არამედ პრევენციისთვის. იმიტომ, რომ არჩევნები არჩევნების დღემდე ყალბდება.

ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური მკაფიოობა: გახდეს ევროპული პოზიცია მკაფიო. დაე ქართველმა პროევროპელმა ხალხმა იცოდეს, რომ ისინი მარტონი არ არის.

სწრაფი, პერსონალური, ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების მიტაცებას.

და რაც მთავარია, დაიცავით ის ღირებულებები, რომლებსაც ხელს უწყობდით – პროევროპული საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი ინსტიტუტები.

თუ ჩვენ ახლა მათი ჩამოშლის ნებას მივცემთ, ეს იქნება სიგნალი ყველა ავტოკრატისთვის.

ჩეხმა ხალხმა იცის, რა ოკუპაცია, პროპაგანდა, რეპრესიები და თქვენ უკვე ერთხელ აჩვენეთ, რას ნიშნავს თავისუფლების მოპოვება.

ბევრზე უკეთ იცით, რომ თავისუფლება საჭიროებს დაცვას არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ სასამართლოებში, ქუჩებში, ინსტიტუტებსა და მოქალაქეებში. საქართველო დღეს ამ ბრძოლაშია ჩართული, ჩვენ არ ვითხოვთ, რომ თქვენ იბრძოლოთ ჩვენ ნაცვლად, მაგრამ გთხოვთ, რომ ჩვენ გვერდით დადგეთ, რომ ხმა აიმაღლოთ, რომ ისაუბროთ მკაფიოდ, რადგან თუ ჩვენ საქართველოს ვერ დავიცავთ დღეს, შეიძლება ხვალ ძალიან განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ”.