19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 663 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 8338, ხოლო გარდაიცვალა 143 ადამიანი. ბოლოს ორი დღის მანძილზე დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა 1100-ზე მეტია.
სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ კორონავირუსის შემთხვევების 80% მსუბუქად მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბინაზე 3 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსის მზარდი ახალი შემთხვევების პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა ჯანდაცვის სისტემის მზაობის შესახებ და იმის შესახებ, როგორ უნდა მოვუაროთ ბინაზე ინფიცირებულ პაციენტს.
ჯადაცვის სისტემის მზაობა ციფრებში
ჯადაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ადამია ამბობს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება. ამ სამედიცინო დაწესებულებაში კი მობილიზებილია 3 700-მდე საწოლი. ის ასევე საუბრობს საწოლებისა და კლინიკების გადანაწილებაზე ქვეყნის მასშტაბით.
სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანას აქვს 1 253 სასუნთქი აპარატი და გადამზადებულია 3 900-ზე მეტი ექიმი.
თუმცა, მობილიზებული რესურსებთან ერთად, ეკატერინე ადამიას თქმით, სულ ქვეყანაში 17 400-ზე მეტი საწოლია და 17 990-ზე მეტი ექიმი.
რას ნიშნავს მსუბუქი შემთხვევა და მსუბუქი პნევმონია
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19) არის პოტენციურად მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექცია, რომელსაც იწვევს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი-2 (SARS-CoV-2). იგი კლინიკურად ვლინდება რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით.
თუმცა, დაავადება შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის მსგავსი, ასევე, მძიმე ვირუსული პნევმონია, რომელიც მწვავე რესპირატორულ დისტრესსინდრომს იწვევს და პოტენციურად ფატალურია.
გაიდლაინის მიხედვით, კორონავირუსის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება გაურთულებელი ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია.
მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.
რაც შეეხება, მსუბუქ პნევმონიას, ის განიხილება მსუბუქად, თუკი პაციენტს არ აღენიშნება მომატებული რისკი: <60 წელზე ასაკი, ნათელი ცნობიერება და გონება, სისხლის ნორმალური წნევა და პულსი, სუნთქვის სიხშირე>< 30/წთ-ში, ჟანგბადის სატურაცია > 95%, ბოლო სამი თვის განმავლობაში არ მიუღია ანტიბიოტიკები, არ ყოფილა ჰოსპიტალში ბოლო სამი თვის მანძილზე და არ აღენიშნება სხვა მწვავე სამედიცინო მდგომარეობა.
ხველების, ცხელებისა და სუნთქვის გაძნელების მართვა
გაიდლაინის მიხედვით, კორონავირუსის სპეციფიკური ეფექტური მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს. შესაბამისად, მართვა მოიცავს დამხმარე სიმპტომურ თერაპიას და, უფრო მძიმე შემთხვევებში, ორგანოების მხარდაჭერას. ყველა შემთხვევა უნდა იყოს მართული ჰოსპიტალში, შეძლებისდაგვარად. თუმცა, სახლში კონკრეტული პაციენტების მოვლა შეიძლება დაშვებული იყოს მსუბუქი ავადმყოფობის შემთხვევაში.
ხველის მართვა – გაიდლაინის მიხედვით, ხანდაზმულებს, თანმხლები დაავადებების მქონე, იმუნოკომპრომეტირებულ პირებს ან პაციენტებს, ხველისა და ამოხველების უნარის გაძნელება, მძიმე პნევმონიის განვითარების უფრო მაღალი რისკი აღენიშნებათ. ეს შესაძლებელია სუნთქვის უკმარისობის და სიკვდილის მიზეზი გახდეს.
ამიტომ, პაციენტები უნდა მოერიდონ ზურგზე წოლას, რადგანაც ამ პოზიციაში ამოხველება არაეფექტურია. თავდაპირველად შესაძლებელია პაციენტებმა გამოიყენონ მკურნალობის მარტივი მეთოდები, მაგალითად თაფლის ან სხვა არამედიკამენტური საშუალებების მიღება (1 წელზე უფროსი ასაკის პირებში). ასევე, დაავადებულ პირებში, შესაძლებელია, ხანმოკლე პერიოდით კოდეინის შემცველი ხველის სიროფების გამოყენება, შემაწუხებელი ხველის დათრგუნვის მიზნით.
ცხელების მართვა – ზოგადად, ცხელება ყველაზე ხშირია, ინფექციის ექსპოზიციიდან 5 დღის შემდეგ.
გაიდლაინის მიხედვით, ასეთ დროს პაციენტმა რეგულარულად უნდა მიიღოს სითხე, დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად (არა უმეტეს 2 ლიტრისა დღეში). ასევე, შესაძლებელია პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიღება, თუ მათ აღენიშნებათ ცხელება და სხვა სიმპტომები. ხოლო ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდის მიღებისას, პაციენტმა უნდა გამოიყენოს, მისი უმდაბლესი ეფექტური დოზა, სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო უმოკლესი დროით.
სუნთქვის გაძნელების მართვა – სუნთქვის გაძნელებამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, რაც უფრო მეტად აუარესებს სუნთქვას.
მხარდამჭერი მკურნალობის სახით, სუნთქვის გაძნელების მართვის მიზნით, რეკომენდებულია: ოთახში სიგრილის შენარჩუნება, რელაქსაციისა და სუნთქვითი ტექნიკის გამოყენება და სხეულის პოზიციის ცვლილება; პაციენტებს, რომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში მარტო, ურჩიეთ ჰაერის განიავება კარებისა და ფანჯრის გაღება (არ გამოიყენოთ ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას); თუ გვაქვს ხელმისაწვდომი ჟანგბადი, სცადეთ ოქსიგენოთერაპია და შეაფასეთ სუნთქვის გაძნელების დინამიკა.
აუცილებელი 10 წესი ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში
პროტოკოლის მიხედვით, აუცილებელია Covid-19-ით პაციენტების ბინაზე მკურნალობისას დაცული იყოს რამდენიმე წესი.
- დარჩით სახლში – არ გახვიდეთ თავშეყრის ადგილებში. თუ აუცილებელია გარეთ გასვლა, დაუშვებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.
- ზედმიწევნით აკონტროლეთ სიმპტომები – თუ სიმპტომები გიუარესდებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პირად ექიმს.
- დაისვენეთ და მიიღეთ საკმაო რაოდენობით სითხე.
- ექიმთან ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ დაურეკეთ ექიმს და შეატყობინეთ, რომ გაქვთ ან შეიძლება გქონდეთ COVID-19.
- გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ში და შეატყობინეთ ოპერატორს, რომ გაქვთ ან შესაძლოა, გქონდეთ COVID-19.
- დაიფარეთ ცხვირი და პირი ხველების და ცემინების დროს.
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით სულ მცირე, 20 წმ-ის განმავლობაში ან დაიმუშავეთ ხელები სულ მცირე, 60% ალკოჰოლის შემცველის სანიტაიზერით.
- შეძლებისდაგვარად, დარჩით იზოლირებულ ოთახში და ოჯახის წევრებისგან მოშორებით. შესაძლებლობის შემთხვევაში, ისარგებლეთ ცალკე აბაზანით. სხვებთან კონტაქტის საჭიროებისას, იხმარეთ სახის ნიღაბი.
- არ გაუზიაროთ პირადი ნივთები ოჯახის სხვა წევრებს (მაგ:ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული)
- დაასუფთავეთ ზედაპირები რომელთაც ხშირად ეხებით (მაგიდა, ჩამრთველი, სახელური). გამოიყნეთ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები ინსტრუქციის მიხედვით.
პროტოკოლი მოიცავს ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციებს ძირითადად, ექიმებისთვის, რა უნდა ურჩიონ მათ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე აგრძელებენ მკურნალობას.